პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის ინფორმაციით, 2021 წლის ბიუჯეტში მაკროეკონომიკური პარამეტრები შენარჩუნებული იქნება, სხვა ყველა მაჩვენებელი კი, შესაძლოა შეიცვალოს.
როგორც კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსიის განხილვა მიმდინარეობს, მომავალი წლის ბიუჯეტი დაგეგმილია 5 %-იან ეკონომიკურ ზრდაზე, მშპ ნომინალურ გამოხატულებაში 54 მილიარდ 525 მლნ ლარია, ინფლაცია - 3 %-ია.
“ბიუჯეტის დეფიციტი 5.2 %-ია, რაც არ უნდა გაიზარდოს და ვიფიქროთ, მის შემცირებაზე. ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსიით, თუმცა არსებული კოვიდ პანდემიის პირობებში, ეს ციფრი, როგორც სხვა დანარჩენი, დიდი ალბათობით შეიცვლება, მომავალ წელს 17.07 მილიარდი ლარი დაიხარჯება. 2021 წლისთვის საგადასახადო შემოსავლების 10.45 მილიარდ ლარამდე ზრდა არის დაგეგმილი ანუ წლევანდელთან შედარებით, 1.1 მილიარდი ლარით მეტი“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველად ვერსიასთან დაკავშირებით შემაჯამებელ სხდომას მართავს. ბიუჯეტის პროექტი პარლამენტის შენიშვნებით მთავრობას უკან დაუბრუნდება. დოკუმენტის გადამუშავებული ვერსია პარლამენტს უნდა წარედგინოს არაუგვიანეს 5 ნოემბრისა.