რუსული ხორბლის ფასი რეკორდულ ნიშნულზეა

რუსული საექსპორტო ხორბლის ფასი რეკორდულ ნიშნულზეა. როგორც რუსული მედია წერს, ბოლო ერთი კვირაში მარცვლეულის ეს სახეობა კიდევ 10 დოლარით გაძვირდა. ამ დროისთვის 1 ტონა ხორბლის ღირებულება 245-250 აშშ დოლარს შეადგენს, მაშინ, როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 195 დოლარი იყო. ეს ნიშნავს, რომ რუსული ხორბლის ფასმა მაქსიმუმს მიაღწია.

როგორც ცნობილია, პროდუქტის გაძვირება იმპორტიორი ქვეყნების მხრიდან გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირბა. „ინტერფაქსის“ ცნობით, რუსული ხორბლის შემსყიდველებს შორის ეგვიპტემ პირველობა დაიბრუნა. კერძოდ, ივლისიდან სექტემბრამდე ეგვიპტემ 2,44 მილიონი ტონა რუსული ხორბალი შეიძინა. 2019 – 2020 წლებში ეგვიპტეს პირველობა თურქეთმა ჩამოართვა, რომელმაც აღნიშნულ პერიოდში 7,65 მილიონი ტონა პროდუქტი იყიდა. მიმდინარე წლის დასაწყისში კი, თურქეთმა 2, 4 მილიონი ტონა რუსული ხორბალი შეისყიდა.

დიდი მოცულობის მარცვლეული, კერძოდ, მილიონ ტონაზე მეტი, შეიძინა ბანგლადეშმა, რითაც საკუთარი შესყიდვები 1,7-ჯერ გაზარდა. ამასთან, 663,000 ტონა რუსული მარცვლეული შეიძინა აზერბაიჯანმაც (1,2-ჯერ მეტი, ვიდრე გასულ წელს).

რუსული ხორბლის შესყიდვაში ზრდა შეინიშნება ნიგერიის და ფილიპინების მხრიდანაც. ამ უკანასკნელმა პროდუქტის შესყიდვა 4,7 ჯერ გაზარდა.

სწორედ გაზრდილი მოთხოვნის მიზეზით, რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2021 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, ხორბლის ექსპორტზე კვოტა დაწესდება. აღნიშული მექანიზმი პირველად 2020 წლის გაზაფხულზე ამოქმედდა. მაშინ ამას უწყება კორონავირუსის გამო პროდუქტზე გაზრდილი მოთხოვნით ხსნიდა. სამინისტრო შიშობდა, რომ ხორბლით შიდა ბაზრის უზრუნველყოფას ვერ შეძლებდა. ამის გამო, 2020 წლის 1-ლი აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით, ქვეყნიდან მხოლოდ 7 მლნ ტონა მარცვლეულის ექსპორტის ნებართვა გაიცა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ხორბლის ერთადერთი იმპორტიორი რესეთია. 2020 წლის იანვარ-აგვისტოში ჩრდილოეთ მეზობელ ქვეყანაში საქართველომ 314,588 ტონა ხორბალი და მესლინი იყიდა, ჯამში 68,880 მლნ დოლარის ღირებულების.

ნინი ქეთელაური