ვინ ფლობს კომპანიებს, რომლებიც ყველაზე მეტ ადამიანს ასაქმებენ საქართველოში

2019 წელს დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 756.9 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 3.1 პროცენტით აღემატება.

საქსტატის მონაცემებით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 41.4 პროცენტი ქალია, ხოლო 58.6 პროცენტი - კაცი. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 35 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 20.2 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 44.8 პროცენტი - მცირე ბიზნესზე.

საქსტატის ცნობით, დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 702 ათასი კაცი შეადგინა (გასულ წელთან შედარებით - 3.3 პროცენტით მეტი). საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე - 9 977.2 მლნ ლარით განისაზღვრა (გასულ წელთან შედარებით 10.3 პროცენტით მეტი).

საწარმოთა ათეულში გვხვდება ისეთი საწარმოც, რომელიც სააქციო საზოგადოებად არის რეგისტრირებული, შესაბამისად, მათი საბოლოო მფლობელები რეესტრში არ არის მითითებული. ასეთი სს „გეფა“, სს „ევექსის ჰოსპიტლები“, სს „ენერგო - პრო ჯორჯია“, სს „ნიკორა ტრეიდი“ და სს „საქართველოს რკინიგზა“. რაც შეეხება დანარჩენ ტოპ-5 კომპანიას დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით, ბიზნესპრესნიუსი“ რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით, გთავაზობთ ცნობებს მათი მფლობელების შესახებ:

შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ - კომპანიის საქმიანობის სფერო არის საქალაქო და საგარეუბნო სამგზავრო სახმელეთო ტრანსპორტის ზედამხედველობა. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი თბილისის მუნიციპალიტეტია.

შპს „თბილსერვის ჯგუფი’ - კომპანია ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია, რაც შეეხება საწარმოს საქმიანობის სფეროს - ეს არასახიფათო ნარჩენების შეგროვებაა.

შპს „პსპ ფარმა“ - მის საქმიანობას სპეციალიზებულ მაღაზიებში ფარმაცევტული საქონლით საცალო ვაჭრობა წარმოადგენს. კომპანიის 95%-იანი წილის მფლობელი კხაბერ ოქრიაშვილია, თუმცა, მისი სადეპუტატო მანდატიდან გამომდინარე - წილის მმართველად ვაჟა ოქრიაშვილი ფიქსირდება. ხოლო 5%-იანი წილი თენგიზ ჯამელაშვილს ეკუთვნის.

შპს „ჯეო ჰოსპიტალს“ - კომპანია საავადმყოფოების საქმიანობების მიმართულებით მოღვაწეობს. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ქართულ ჰოსპიტალთა ჯგუფია, რომლის 50%-იან წილს - დავით ბეჟუაშვილი; 25%-25%-იან წილებს კი - შპს მეიდანზე და შპს ჰიპ რისერჩი ფლობენ. თავის მხრივ ამ უანასკნელის 100%-ის მფლობელი კახაბერ ლომსაძეა, ხოლო რაც შეეხება შპს მეიდანზე, მას ზაზა ნიშნიანიძე ფლობს.

შპს ჯორჯიან მანგანეზი - საწარმოს საქმიანობის სფეროს თუჯის, ფოლადისა და ფეროშენადნობების წარმოება წარმოადგენს. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი კი ლუქსემბურგში რეგისტრირებული - „ჯორჯიან ამერიქენ ელოიზია“.

თაია არდოტელი