ერთ თვეში საქართველოში საოჯახო გამოყენებაზე მორგებული მიკრომწვანილები გამოჩნდება. ამის შესახებ ქვეყანაში პირველი ვერტიკალური ფერმის „მიკროგრინი“ თანადამფუძნებელმა მარიტა გენებაშვილმა „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა. მისი თქმით, აქამდე პროდუქციას ძირითადად რესტორნები და სასტუმროები ყიდულობდნენ, თუმცა ახალი, განსხვავებული კონცეფციის შედეგად, მიკრომწვანილების გამოყენებას ნებისმიერი მსურველი შეძლებს.
ცნობისთვის, ვერტიკალური სათბური შპს „მიკროგრინი“ თბილისში 2017 წელს აშენდა. სათბური დაახლოებით, 200 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული, სადაც პროდუქციის მოყვანა სპეციალურ მრავალდონიან ვერტიკალურ თაროებზე განთავსებულ კონტეინერებში ხდება. სათბური აღჭურვილია ისეთი სისტემით, რომელიც მიკროკლიმატს ინარჩუნებს.
შპს-მ საკუთარი პროდუქციის ბაზრისთვის მიწოდება 2017 წლის ზაფხულში დაიწყო.
ამ დროისთვის სათბურში 20-მდე დასახელების პროდუქტი იწარმოება, რომელთა შორისაა: ბოლოკი, წიწმატი, სალათის მიქსი, ბროკოლი, წითელი კომბოსტო, ჭარხალი, ყვავილოვანი კომბოსტო, ბარდა, მდოგვი, მზესუმზირა, ბაზილიკი, ნასტურცია, რუკოლა და აშ.
მიზეზი, თუ რატომ არის მიკრომწვანილები უფრო სასარგებლო, ვიდრე ტრაციციული, კომპანიაში განმარტავენ, რომკვლევების თანახმად ის გაცილებით უფრო კონცენტრირებულია ნუტრიენტებითა და ანტიოქსიდანტებით, ვიდრე მისი ზრდასრული ვერსია. მაგალითად, წითელი კომბოსტოს მიკრომწვანილში 40-ჯერ მეტი E ვიტამინი და 6-ჯერ მეტი C ვიტამინია, ვიდრე ზრდასზრულ კომბოსტოში. ამასთან, მიკროგრინი კერძებს ახლებურ, გამორჩეულ გემოს მატებს, რადგან სხვადასხვა ტიპის მიკრომწვანილებს განსხვავებული არომატი აქვს.
„ახლა ვამუშავებთ პროდუქტს, რომლის გამოყენებაც საოჯახო სამზარეულოშიც შესაძლებელია. სწორედ იმის საპასუხოდ, რომ აქამდე მიკრომწვანილს მხოლოდ რესტორნები იყენებდნენ, გვინდა, პროდუქტი ჩვეულებრივ ოჯახებშიც შევიდეს. ეს არის ძალიან საინეტერესო პროდუქტი, რომელიც დაახლოებთ ერთ თვეში გამოჩნდება. ახალი პროდუქტიც ჩვეულებრივი მიკრომწვანილებია, უბრალოდ ცოტა განსხვავებული კონცეფცია აქვს და საოჯახო გამოყენებაზე იქნება მორგებული“,-აცხადებს მარიტა გენებაშვილი.