საქართველოდან ბოლო რამდენიმე წელიწადია კივი მხოლოდ მეზობელ ქვეყნებსა და იაპონიაში გადის. ევროკავშირის ბაზარზე კი ქართული პროდუქტი ისევ არ ჩანს. კივის მწარმოებელთა ასოციაციაში ამბობენ, რომ პროდუქციის ევროპაში გატანა სურთ, თუმცა ძვირად ღირებული პროცედურების გამო ამას ვერ ახერხებენ.
„ევროკავშირის ბაზრის მთავარი მოთხოვნა არის სერტიფიცირება, ეს არის აუცილებელი პირობაა და მოითხოვს დიდ ფინანსურ რესურსს. ამიტომ, ფერმერების დიდი ნაწილისათვის, ეს ხელმიუწვდომელია და ამიტომ ვერ გავდივართ ევროკავშირის ბაზარზე“, - განაცხადა კივის მწარმოებელთა ასოციაციის დამფუძნებელმა დემურ ფიფიამ.
ცნობისთვის, საქართველოდან 2019 წელს საქართველოდან 167 ტონა კივის ექსპორტი განხორციელდა. გასაღების ბაზრები კი სომხეთი, იაპონია და ყატარი იყო.
დემურ ფიფია წლევანდელ შემცირებულ მოსავალზეც საუბრობს. მისი თქმით, წელს, საქართველოში დაახლოებით 40 ტონით შემცირებულ კივის მოსავალს ელოდებიან. მიზეზი, სარწყავი სისტემის არარსებობაა, რომელიც დღემდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება.
დემურ ფიფია, ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ამბობს, რომ ასოციაციაში გაწევრიანებული 125 ფერმერი, წელს შემცირებულ მოსავალს, ჯამურად 100 ტონამდე კივს ელოდება.
,,კივის ასოციაციაში, ამ ეტაპზე 125 ფერმერია გაწერვიანებული, მთელი საქართველოდან. აბსოლუტურად ყველასათვის პრობლემა არის ერთი - სარწყავი სისტემა. სისტემის მოწესრიგებაზე ხელისუფლებაში ჯერ კიდევ ჯერ კიდევ 2016 წელს საუბრობდნენ, თუმცა ამ დრომდე არაფერი გაკეთებულა. სწორედ ამის დამსახურებაა, რომ წელს, დაახლოებით 40 ტონით ნაკლებ მოსავალს ველოდებით. თუ შარშან 135-დან 140 ტონამდე იყო კივის მოსავალი, წელს გვაქვს მოლოდინი, რომ 100 ტონას ვერ ასცდება. ძლიერ გვალვებს, მოუმზადებლები და სარწყავი სისტემების გარეშე შევხვდით. ამიტომ, აუცილებელია და საჭირო, რომ სარწყავი სისტემა დაუმონტაჟდეს ყველა კივის მწარმოებელს“, - ამბობს ასოციაციის დამფუძნებელი.