საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, 2021 წელს ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივ 3%-ზე ნაკლები იქნება. ამის შესახებ მან პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილება.
„როგორც დაგეგმილი იყო, ინფლაციას გააჩნია შემცირების ტენდენცია ამ წლის განმავლობაში და მოსალოდნელია, რომ ეს გაგრძელდება. ჩვენი პროგნოზით, 2021 წელს ინფლაცია იქნება მიზნობრივ მაჩვენებელზე მცირედით ქვემოთ და წლის განმავლობაში მიზნობრივთან ახლოს ვიქნებით“,-აღნიშნა სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
რაც შეეხება რისკს, რომელსაც ეროვნული ვალუტის გაუფასურება საგარეო ვალთან მიმართებაში ქმნის, როგორც არჩილ მესტვირიშვილმა აღნიშნა, ნაბიჯები უცხოურ ვალუტაში დენომინირებული ვალის წილის შემცირების კუთხით მისასალმებელია და რისკებს აგვაცილებს.