იქამდე, სანამ ერთ თვეში ზეთისხილის რთველი იქნება და კომპანია ,,ქართული ზეთისხილი“ ახალ მოსავალს მიიღებს, მარაგები მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე იმდენად ცოტაა, რომ პროდუქტმა ,,კარფური“ დატოვა და მხოლოდ ერთ ქსელურ სუპერმარკეტში შეიძლება მისი შეძენა. ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსს“ კომპანიის დირექტორმა განუცხადა.
ნელი გეთიაშვილის თქმით, მსოფლიო ზეთისხილის ფორუმი, რომელიც ივლისში თბილისში უნდა ჩატარებულიყო, პანდემიის გამო გადაიდო. შპს. ,,ქართული ზეთისხილის“ დირექტორი, იმ მიზეზებსაც განმარტავს, რის გამოც, პროდუქციაში და ბაზრისთვისაც კი არასაკმარისია.
,,ქართული ზეითუნის ზეთის შეძენა ამ ეტაპზე მხოლოდ ერთ ქსელურ სუპერმარკეტში ,,აგროჰაბში“ შეიძლება და ასევე, მცირე მაღაზიებში, რომლებიც ქართულ პროდუქციას ყიდიან. იქედან გამომდინარე, რომ მოთხოვნა მზარდია, ხოლო პროდუქცია არასაკმარისი, ჩვენ მოგვიწია გამოვსულვიყავით ,,კარფურიდან“ და რეალურად ეს აისახა გაყიდვებზე და არა პანდემია. ახლა ველოდებით ახალ მოსავალს, ნოემბერ-დეკემბერში, რის შემდეგაც ისევ დავბრუნდებით „კარფურში“.
დღეს, ქართული ზეთისხილი სიმცირის გამო ვერ გადის ვერც ერთ ქვეყანაში. ნებისმიერ საექსპორტო ხელშეკრულებაში არის გაწერილი, რომ მიწოდება უნდა ხდებოდეს უწყვეტ რეჟიმში. ჩვენთან კი ის რაოდენობა არ არის, რომ უწყვეტი მიწოდება განვახორციელოთ, ამ ეტაპზე მხოლოდ შიდა მოხმარებას ვაკმაყოფილებთ“ - განაცხადა მან.
ცნობისთვის, კომპანია ყოველწლიურად 10 ჰექტარ ბაღებს აშენებს. მიღებული მოსავლით კი ,,ქართული ზეთისხილი“ არამხოლოდ საქართველოს მოთხოვნის დაკმაყოფილებას, არამედ ექსპორტზე გასვლასაც გეგმავს.