აშშ-ის ბიუჯეტის დეფიციტი სამჯერ გაიზარდა

2020 ფინანსური წლის (რომელიც დასრულდა 30 სექტემბერს) ამერიკის ბიუჯეტის დეფიციტი შარშანდელთან შედარებით სამჯერ გაიზარდა და 3,1 ტრილიონი დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, 2019 ფინანსურ წელს ბიუჯეტის დეფიციტი შეადგენდა 984 მილარდ დოლარს. ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ.

უწყების მონაცემებით, მიმდინარე ფინანსურ წელს სახელმწიფო ხარჯები 47%-ით რეკორდულ - 6,5 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა, მას შემდეგ რაც ხელისუფლებამ პანდემიის შედეგად დაზარალებული ეკონომიკის სტიმულირების პროგრამა წამოიწყო. ხელისუფლებამ გამოყო სახსრები მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად და გასცემდნენ კომპენსაციებს მათზე ვინც სამსახური დაკარგეს. ფედერალური ხარჯების ზრდამ და კარანტინით გამოწვეულმა შემოსავლების ნაკლებობამ კი ქვეყნის ბიუჯეტში გააჩინა დეფიციტი, პროცენტულ გამოხატულებაში მშპ-სთან მიმართებაში ბიუჯეტის დეფიციტმა 16,1% შეადგინა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 1945 წლის შემდეგ, რა დროსაც ხელისუფლება სახსრებს სამხედრო ხარჯებზე გამოყოფდა.

ფედერალურმა შემოსავლებმა 3,4 ტრილიონი შეადგინა, რაც 1%-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. ფედერალური ვალი კი უკვე სექტემბრისთვის 25%-ით 21 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა, მაშინ როცა 2020 ფინანსური წლის დასაწყისში 16,8 ტრილიონი იყო. სხვადასხვა დაანგარიშებით ამერიკის ფედერალურმა ვალმა პირველად, 70 წლის განმავლობაში გადააჭარბა ქვეყნის მშპ-ს.

კოკა კვირკველია