ბოლო 2 თვის განმავლობაში ევროპის ქვეყნების მსგავსად საქართველოშიც კორონავირუსით დაინფიცრების შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა. ქვეყნების ნაწილმა გარკვეული შეზღუდვები თავიდან დააწესა და მოსახლეობას მოუწოდა კვლავ სახლში დარჩნენ.
ევროპის ქვეყნების უმეტესობაში ხელისუფლებამ კომპანიებს მოუწოდა შესაძლებლობის შემთხვევაში თანამშრომლებს სახლიდან მუშაობის შესაძლებლობა მისცენ, რათა დაინფიცირების შემთხვევები შემცირდეს.
მათ შორის არის საქართველოც. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დამსაქმებლებს მოუწოდა თანამშრომლები დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადაიყვანონ.
თუმცა, ალბათ დაგვეთანხმებით, რომ სახლიდან მუშაობა კიდევ ერთი რთული გამოწვევაა, რადგან ადამიანების უმეტესობას სამუშაო და პირადი დროის გამიჯვნა უჭირს. ხშირ შემთხვევაში ვკარგავთ მოტივაციას და ვხდებით ნაკლებად პროდუქტიულები.
ამ ყველაფრის გადასალახად და მოტივაციის ასამაღლებლად გამოცემა The Guardians გვთავაზობს 15 ხერხს, რომელიც სახლიდან მუშაობას გაგვიმარტივებს:
დაურეკეთ მეგობრებს
გამოცემა გვირჩევს ადამიანებთან კონტაქტს მაქსიმალურად მოვერიდოთ, თუმცა ეს ხელს არ გვიშლის ხშირად დავურეკოთ და მოვიკითხოთ ახლობლები. მათი თქმით იმ მეგობრების ან ნათესავების მოკითხვა, რომლებთანაც დიდი ხანია არ გვისაუბრია, ახალი ენერგიით აგვავსებს.
მოინახულეთ საყვარელი ხე (ან გადით ბუნებაში)
გამოცემის მიხედვით, ადამიანს მთელი დღის განმავლობაში კომპიუტერთან ჯდომა ცუდ ხასიათზე აყენებს ამიტომ სჯობს დღეში მინიმუმ 10-15 წუთი მაინც გაისეირნოთ და ბუნებას დააკვირდეთ. ეს თქვენს ხასიათზე დადებითად აისახება.
გამოიყენეთ ლანჩის დრო
გამოცემა გვირჩევს ჩვენთვის კუთვნილი შესვენების დრო პროდუქტიულად გამოვიყენოთ. არ გაატაროთ ლანჩისთვის გამოყოფილი 1 საათი კომპიუტერის ეკრანის წინ. უკეთესი იქნება თუ მეტს იმოძრავებთ და ივარჯიშებთ.
მოაწესრიგეთ სახლი
გირჩევთ თავისუფალ დროს სახლს მიხედოთ და იმ საქმისთვის მოიცალოთ, რომლისთვისაც აქამდე დროის გამოყოფას ვერ ახერხებდით. დაალაგეთ კარადები, გადაახარისხეთ ნივთები და შემოიტანეთ სიახლე. სპეციალისტების თქმით, სახლის დალაგება ადამიანზე თერაპიასავით მოქმედებს.
უყურეთ ფილმებს
The Guardians გვირჩევს შესვენების დროს სერიალებს ვუყუროთ, უმჯობესია კომედიებს. 20-30 წუთიანი შესვენების დროს განტვირთვა და პოზიტიური განწყობის შექმნა ჩვენზე ნამდვილად დადებითად აისახება.
გააკეთეთ რაიმე სასარგებლო
გამოცემა გვირჩევს თავისუფალ დროს რაიმე სასარგებლო გავაკეთოთ, მაგალითად, ნებისმიერი პრობლემის შესახებ შესაბამის ორგანოს ვაცნობოთ. ან საკუთარი გამოცდილება სხვას გავუზიაროთ.
ისწავლეთ რაიმე ახალი
ყოველდღიურად ნახევარი საათი გამოყავით რაიმე ახალის სასწავლად- ისწავლეთ ახალი უცხო ენა, პიანინოზე დაკვრა, დაწერეთ ჩანახატი და აშ. გამოცემის მიხედვით, რაიმე სასიამოვნოსა და სასარგებლოს გაკეთება თქვენს მოტივაციას მნიშვნელოვნად გაზრდის
წინასწარ მოამზადეთ საკვები
გამოცემა გვირჩევს თავისუფალ დროს წინასწარ მოვამზადოთ საკვები და მაცივარში შევინახოთ. დროის დეფიციტის შემთხვევაში მომზადებული საკვების გათბობას სულ რამდენიმე წუთი დასჭირდება და თქვენ დროის დაზოგვას შეძლებთ.
დაწერეთ 3 რამ, რისი მადლიერიც ხართ
ფსიქოლოგები გვირჩევენ ჩამოვწეროთ 3 რამ, რისი მადლიერიც ვართ ცხოვრებაში. შემდეგ ფურცელი თვალსაჩინო ადგილას განვათავსოთ და ხშირად გადავიკითხოთ. მათი აზრით, სასიამოვნო ფრაზების წაკითხვა თავს უფრო ბედნიერად და კმაყოფილად გვაგრძნობინებს.
გააკეთეთ ენერჯაიზერები
მაშინ, როდესაც, მუშაობისგან დაიღლებით რამდენიმე წუთის განმავლობაში დაისვენეთ და ენერჯაიზერი გააკეთეთ. ეს თქვენ მოტივაციის ამაღლებაში დაგეხმარებათ.
აკეთეთ სხვადასხვა საქმე
გამოცემა გვირჩევს სახლში ყოფნის დროს სხვადასხვა საქმით დავკავდეთ. მაგალითად გადავაადგილოთ ნივთები ოჯახში, გავასეირნოთ ძაღლი, მოვრწყოთ მცენარეები და სხვა. მსგავსი აქტივობები მოდუნების საშუალებას არ მოგვცემს.
წაუძინეთ
გამოცემა გვირჩევს, სამუშაო დღის დასრულების შემდეგ დასვენების მიზნით 20-25 წუთის განმავლობაში დავიძინოთ, რაც ახალი ენერგიის მიღებაში დაგვეხმარება. ამ გზით დასვენებასაც შევძლებთ და გაღვიძების შემდეგ რაიმე ახლის დაწყების ხალისიც გვექნება.
გახდით კრეატიულები
The Guardinians-ის სტატიის მიხედვით, დღეში რამდენიმე წუთი განტვირთვის მიზნით ხელსაქმეს უნდა დავუთმოთ. ისინი გვირჩევენ, გამოვჭრათ, გამოვძერწოთ და დავამზადოთ სხვადასხვა ფიგურები. ეს ჩვენს განწყობაზე დადებითად აისახება.
არ გამოტოვოთ ლანჩი
სახლიდან მუშაობა არის შესანიშნავი საშუალება იმ დროს გვქონდეს ლანჩი, როდესაც ჩვენ გვსურს და არ გამოვიყენოთ სტანდარტული დრო შესვენებისთვის. თუ თქვენი ოჯახის წევრებიც სახლიდან მუშაობენ უმჯობესია შესვენების დრო ერთმანეთს დაუმთხვიოთ და დრო სასიამოვნო საუბრით გაიყვანოთ.