ბოლო კომპანია სილიკონის ველიდან, რომელიც დისტანციურზე გადავიდა - Dropbox-ია. ღრუბლოვანი სერვისის კომპანია Dropbox მუშაობის დისტანციურ ფორმატზე გადავიდა. კომპანია ხდება Virtual First, ხოლო სახლიდან მუშაობა ხდება ახალი რეალობა თანამშრომლებისთვის.
Dropbox-ში შეისწავლეს, როგორ მუშაობს „დისტანციურობა“ სხვა კომპანიებში, ეს იქნება სრულად ვირტუალური თუ ჰიბრიდული მოდელი. თუმცა, კომპანიას არცერთი არ მოეწონა, ამიტომ მოიფიქრა საკუთარი მოდელი. კომპანია შექმნის სპეციალურ სივრცეს ერთობლივი მუშაობისთვის, სადაც თანამშრომლები შეძლებენ თავშეყრას და ერთად გადაწყვეტენ კოლექტიურ ამოცანებს. ეს შესაძლოა იყოს ფართები არსებულ ოფისებში, ან ნაქირავები ფართები სხვადასხვა ქალაქებში, სადაც კომპანიის თანამშრომლების ყველაზე მეტი კონცენტრაციაა. ამ მომენტისთვის ეს ქალაქებია: სან-ფრანცისკო, სიეტლი, ოსტინი და დუბლინი. ამ Dropbox Studios გამოყენება კომპანიის 288-ვე თანამშრომელს შეუძლია, ოღონდ მხოლოდ კოლექტიური მუშაობისთვის.
როგორც CNBC წერს, Dropbox — არის ერთ-ერთი ბოლო კომპანია სილიკონის ველის მსხვილ მოთამაშეებს შორის, რომელიც დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. აქამდე ეს ნაბიჯი გადადგეს ისეთმა კომპანიებმა, როგორებიცაა: Twitter, Square, Microsoft და Facebook. ამან კი გამოიწვია ფართის გაქირავების ფასის რეკორდული შემცირება, რომელიც აქამდე ყველაზე მაღალი იყო შტატებში.
„რაც შეეხება მომავლის ხედვას, კომპანიები ამასაც სხვადასხვანაირად უყურებენ. მაგალითად, Twitter და Slack თვლიან რომ დასაქმებულებისთვის სულაც არ არის საჭირო ოფისებში დაბრუნება, Microsoft აპირებს ჰიბრიდული ფორმატი აირჩიოს. ხოლო Amazon და Salesforce ბავშვებიანი თანამშრომლებისთვის ცხოვრების შემსუბუქებაზე ფიქრობენ, Facebook აპირებს ხელფასების შემცირებას მათთვის, ვინც სილიკონის ველიდან უფრო ბიუჯეტურ ადგილას გადავა. რა თქმა უნდა, ოფისები ადრე თუ გვიან ისევ გაიხსნება, მაგრამ მათი როლი კარდინალურად შეიცვლება. ასე რომ, საეჭვოა სილიკონის ველი კვლავ გახდეს ისეთივე მიმზიდველი როგორც აქამდე იყო“, - წერს „ბიზნეს ინსაიდერი“.