ფარშევანგები და ხოხბები - კინოოპერატორის და მისი მეუღლის მიერ მოწყობილი ბაღი თბილისთან ახლოს

თბილისთან ახლოს, მარტყოფის ველში არის არაჩვეულებრივი სოფელი ბროწეულა. 50 წლის წინ სწორედ აქ გამოყო კინოსტუდიამ თანამშრომლებისთვის სააგარაკე ადგილი. ასე ერგო კინოოპერატორ ვასილ არველაძეს 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც ნამდვილ წალკოტად აქცია. წლების განმავლობაში არსებულ მიწის ნაკვეთს რამდენიმე ნაკვეთიც მიამატა. დღეს ბატონ ვასილს 2000 კვ.მ-ზე ყვავილების და ხეხილის საოცარი ბაღი აქვს გაშენებული, სადაც ოთხფეხა მეგობრებთან ერთან ფარშავანგები და ხოხბები ბინადრობენ.

- პროფესიით კინოოპერატორი ვარ, შემიძლია ვთქვა, რომ ცხოვრებაში რაც ძალიან მაინტერესებდა და მიტაცებდა, სწორედ იმ პროფესიას დავუთმე ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები. გამიმართლა, უმაღლესის დამთავრებისთანავე მოვხვდი ძლიერ გუნდში და ისეთ რეჟისორთან მომიწია მუშაობა, როგორიც იყო რეზო თაბუკაშვილი. მის ხელში გავიზარდე და მივიღე უზარმაზარი გამოცდილება, როგორც ცხოვრებისეული, ასევე პროფესიული. მისი ყველა ფილმის ოპერატორი ვარ, მასთან გატარებული ყოველი დღე, გადაღებზე ყოფნა თუ მივლინებაში წასვლა, უდიდესი ბედნიერება იყო.

- მოგვიყევით ბროწეულას შესახებ, როგორ დასახლდით ამ ადგილას და დღემდე რა მოგონებები გაკავშირებთ ამ სახლთან?

- კინოსტუდიამ 1970 წელს თანამშრომლებისათვის სააგარაკე ადგილი გამოყო და ასე მერგო 600კვ. მ. მიწის ნაკვეთი. დროდადრო კიდევ შევიძინე მომიჯნავე ნაკვეთები, დიდებულმა მსახიობმა ეროსი მანჯგალაძემაც გადმომცა საჩუქრად თავისი ნაკვეთი. არ ვიცი, რატომ ვფიქრობდი, მაგრამ ვიცოდი, რომ ეს გახდებოდა ჩემი ოჯახისათვის საყვარელი ადგილი.ისეთი გადამხმარი იყო აქაურობა, ვიცოდი, ბევრი დრო და შრომა იყო საჭირო. შევუდექით საქმეს მე და ჩემი მეუღლე. პირველივე დღიდან შეგვიყვარდა აქაურობა და როგორც კი დროს ვნახავდით ვფუსფუსებდით. რაც უფრო მეტს ვაკეთებდით, კიდევ უფრო გვიპყრობდა აქაურობა და კიდევ და კიდევ გვინდოდა მეტის კეთება, ასეთი მოჯადოება სცოდნია თურმე მიწასთან და მცენარეებთან სიახლოვეს. აქაურობა ჩვენი სავანეა, რომელთანაც მხოლოდ ბედნიერების და სიხარულით სავსე მოგონებები მაკავშირებს.

- რამდენი კვადრატია ტერიტორია, რა მცენარეები, ყვავილები, ხეხილი ჭარბობს ბაღში?

- 2000კვ. მ. ეზო ისეა განაწილებული, რომ ერთ მთლიანობაში აღიქმება. ნაძვის ხეები, რომელიც უკვე თვალუწვდენელია და ზამთარ-ზაფხულს ტყეში ყოფნის შესაძლებლობას გვაძლევს. მწვანედ მობიბინე ბალახის სკვერები სივრცეს ინარჩუნებს. გვაქვს ხეხილის ბაღი, რომლის ნაწილშიც ყველა ხილის მირთმევა შეუძლიათ ჩემს შვილიშვილებს და სტუმრებს, რა თქმა უნდა. ასევე ბაღში არის სხვადასხვა ჯიშის ყურძნის ხეივანი, რომელიც ახლახან დავწურეთ. ჩემმა მეუღლემ ბავშვებს ჩურჩხელებიც ამოუვლო, ჩვენი ეზოს კაკლით და თხილით მომზადებული.ერთ ნაწილში, მარანთან ახლოს ნახავთ ე.წ. „ზაოტს“. ასევე მაქვს არყის სახდელი და თონე, სადაც ჩემი მეუღლე უგემრიელეს კახურ შოთის პურს აკრავს, როცა ბავშვები ითხოვენ.განსაკუთრებული შემოდგომა მაქვს წელს, ჩემი შვილები, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ, ჩემთან არიან. შვილიშვილები რომ მოგეხმარებიან ყურძნის დაკრეფაში, დაწურვაში და სხვა ნობათის დაბინავებაში, განა არის ამაზე დიდი სიხარული რამე სხვა? მე და ჩემმა მეუღლემ ყველაფერი გავაკეთეთ, ვფიქრობთ, მიზანს მოვაღწიეთ, ბავშვებს შევაყვარეთ შრომა და ჯაფა. ასევე ქათული ტრადიციული სტუმართ-მასპინძლობა, ღვინის დაყენება და მისი მოვლა, ყველაფერი ის, რაც უნდა იცოდნენ, აფასებდნენ და უფრთხილდებოდნენ.

გარდა ულამაზესი ბაღისა და კომფორტისა, ვცდილობთ ნატურალური პროდუქტები ჰქონდეს ოჯახს. ხილი, ბოსტნეული, ხორცი, რძის ნაწარმი და ა.შ. ყველაზე მთავარი სიცოცხლის ელექსირი არის თაფლი. თაფლის ამოღება ისეთივე სიხარულია და ფუსფუსია ჩემს ოჯახში, როგორც რთველი. ფუტკრის მოვლაც ეხერხებათ ჩემს შვილიშვილებს. გვახარებს, როდესაც ბავშვები ეზიარებიან ამ საქმიანობას, შრომის ფასს და სარგებელს ხედავენ, ამაზე კარგი მაგალითი რა შემეძლო მათთვის მეჩვენებინა? ალბათ ვერაფერი. მჯერა, რომ წარბშეუხრელად და დიდი სიყვარულით გააგრძელებენ კარმიდამოს მოვლას და ქართულ ტრადიციებზე დაფუძნებულ სიყვარულს. მათ იციან, რომ სამშობლოს დიდი ხნით ვერასდროს დატოვებენ, სასწავლებლად წასულები უნდა დაუბრუნდნენ ოჯახს და ქვეყანას. მაბედნიერებს მათი სიყვარული სამშობლოსადმი. ასე მეუბნებიან, რომ ვერაფერი ვერ მოგვხიბლავს და ვერაფერი ვერ დაგვათმობინებს აქაურ სითბოს და სიყვარულსო. ამის მოსმენის შემდეგ, მინდა კიდევ ბევრი გავუკეთო, სულ ვფიქრობ, რამე არ გამომრჩეს გასაკეთებელი.

- ბაღი თქვენ დააგეგმარეთ?

- ხშირად მეკითხებიან, ვინ არის ბაღის არქიტექტორ-დიზაინერი. იმდენად დიდი დოზითაა სიყვარული თითო ხის, მცენარის თუ დეკორის განაწილებაში, რომ სწორედ ამან განაპირობა ასეთი თანხვედრა, ყველაფერი თავად განაწილდა. თითქოს მცენარეები თავად ირჩევდნენ სად უნდა დაედოთ ბინა. იხილეთ სრულად