საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს დაახლოებით 5,5%-ით გაიზრდება, ხოლო 2021-2025 წლებში ზრდის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი იქნება ევროპაში.
ოპოზიციის აზრით, სავალუტო ფონდის პროგნოზი მაშინ, როცა წლეულს ეკონომიკის 5%-იანი ვარდნაა ნავარაუდევი, მეტისმეტად ოპტიმისტურია და ხელისუფლების პიარს ემსახურება, ამიტომაც ეკონომიკური კრიზისის დაძლევის ერთადერთი გზა ხელისუფლების შეცვლაა. მმართველ გუნდს კი მიაჩნია, რომ სავალუტო ფონდის დადებითი პროგნოზის რამდენიმე მიზეზი არსებობს, მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზების სწრაფი ტემპი და რეფორმები. უკეთესის მოლოდინი კი კარგია, მაგრამ მანამდე მძიმე წლის გადაგორება მოგვიწევს, როცა გვიტევს პანდემია, აგრეთვე შემცირებული შემოსავლები, უმუშევრობა და ფასების ზრდა.
სოსო არჩვაძე, ეკონომიკის საკითხების ექსპერტი: - როცა ისმის შეკითხვა, ამ რთულ ვითარებაში რის საფუძველზე ამბობს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომ ევროპასა და რეგიონში საქართველოს ყველაზე კარგი ეკონომიკური ზრდა ექნება, რამდენიმე გარემოება უნდა გავითვალისწინოთ. უპირველესად, ეს არის ის ინსტიტუციური მზაობა და გატარებული რეფორმები, რომელთაც კუმულაციური ეფექტი აქვთ და შედეგს განსაზღვრული დროის შემდეგ იძლევიან. მათ შორის არის საგადასახადო რეფორმები, ბიზნესისთვის გაწეული სხვადასხვა შეღავათი, საპენსიო რეფორმა, დეპოზიტების დაზღვევა, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, სოციალურ სფეროში გამოყოფილი სახსრები და სხვ. ყოველივე ამას შესაძლოა მეყსეული ეფექტი არ ჰქონდეს, მაგრამ პერსპექტივაში დადებით შედეგს იძლევა.
წარმოების სამ ფაქტორს, რომლებიც ეკონომიკურ სპეციალობებზე ისწავლება: შრომა, კაპიტალი და მიწა, ემატება კიდევ ორი: მენეჯმენტი, ანუ ეფექტიანი მართვის უნარი, და ინფორმაციის ფლობა. მე კი დავამატებდი კიდევ ერთ ფაქტორს, რომელსაც არა მატერიალური, არამედ გარკვეულწილად ემოციური ეფექტიც აქვს - ეს არის რწმენა და იმედი პოზიტიური შედეგებისა. ნათქვამია, შეძახილმა ხე გაახმოო, ამიტომ შეძახილი, აპრიორი დადებითი განწყობა, რომ გვაქვს მზაობა ვიცხოვროთ უკეთესად, გვქონდეს უფრო განვითარებული ეკონომიკა, აუცილებლად გამოიღებს ნაყოფს.
- პოზიტივის მოლოდინი რელევანტურია მაშინ, როცა ქვეყანაში ყოველდღიურად კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 900-ს აღწევს.
- მიუხედავად შემთხვევების ბოლოდროინდელი მასშტაბური ზრდისა, ჩვენთან მსოფლიო საშუალო დონესთან შედარებით დაახლოებით 30%-ით დაბალია როგორც ინფიცირებულთა რაოდენობა, ასევე თითქმის 4,5-ჯერ დაბალია ლეტალური შემთხვევები. შევადაროთ შვედეთის მაგალითს - მოსახლეობის თანაბარ რაოდენობაზე ინფიცირებულთა რიცხვით საქართველო 2,5-ჯერ ჩამორჩება, ხოლო ლეტალური შემთხვევებით, არც მეტი, არც ნაკლები, დაახლოებით 20-ჯერ. თუმცა ჩვენთვის შვედეთის მაგალითი არ გამოდგება, რადგან მეზობლებთან შედარებით მას ძალიან ცუდი მდგომარეობა აქვს. მაგალითად, ყოველ 100 000 კაცზე შვედეთში ინფიცირებულია 1000-ზე მეტი კაცი, ნორვეგიაში - 295, ფინეთში - 234, დანიაში კი 587. საქართველოში ყოველ 100 000 კაცზე ინფიცირებულია 388.
- როცა შედარებას ვაკეთებთ ევროპულ ქვეყნებთან ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის მიხედვით, ალბათ, მათი და ჩვენი ჯანდაცვის სისტემებიც უნდა შევადაროთ. პანდემიამ გვაჩვენა, რომ მთავარია არა მარტო ის, თუ რამდენი ინფიცირებული გყავს, არამედ ისიც, რამდენის მოვლა შეუძლია შენს ჯანდაცვას.
- ჯერჯერობით ქვეყნის ჰოსპიტალურ სექტორს ინფიცირებული პაციენტების მოსავლელად საკმარისი რესურსი აქვს. თუმცა, ამავდროულად საჭიროა როგორც პოლიტიკოსებმა, ისე მოსახლეობამ ექიმების რეკომენდაციები დაიცვან. ის, რაც რამდენიმე დღის წინ ბათუმში მოხდა, ვგულისხმობ `ნაციონალური მოძრაობის~ მხარდამჭერების შეკრებას, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ასეთმა უპასუხისმგებლო ქმედებამ შესაძლოა ძალიან მძიმე შედეგი მოიტანოს.
- ეკონომიკურ პროგნოზებს დავუბრუნდეთ. მსოფლიო ბანკის ცნობით, მხოლოდ წელს საქართველოში უმუშევარი დარჩება 160 000, ხოლო შემოსავალი შეუმცირდება 400 000 კაცს. ასეთ პირობებში გაისად ეკონომიკის 5%-იანი ზრდა რატომ უნდა იწვევდეს ასეთ სიხარულსა და კმაყოფილებას?
- ეკონომიკა რომ მსოფლიოში საუკეთესო დონეზე არა გვაქვს, ეს საიდუმლო არ არის. ასე იყო კორონავირუსამდეც და შემდეგაც კარგა ხანს გასტანს. მხედველობაში მაქვს მოსახლეობის ერთ სულზე შექმნილი დოვლათი - დამატებული ღირებულება. მაგრამ პროგრესი არის. აპრილთან შედარებით სამჯერ და მეტჯერ არის შემცირებული ეკონომიკური ვარდნის მაჩვენებელი. სექტემბერში მკვეთრად, ორნიშნა რიცხვით გაიზარდა ექსპორტის მოცულობა შარშანდელ იმავე პერიოდთან შედარებით, თითქმის 13%-ით. ეს მონაცემი უსწრებს არა მარტო წინა რვა თვის მაჩვენებელს, არამედ 2019 წლის საშუალო ყოველთვიურ მაჩვენებელსაც. სექტემბერში რეკორდულად მაღალი იყო უცხოეთიდან ფულადი გზავნილების ზრდა - დაახლოებით 192 მილიონი დოლარი და თუ მიმდინარე წლის ჯამურ ოდენობას ავიღებთ, რომელიც 1,3 მილიარდზე მეტია, და ლარში გადავიყვანთ, აღმოჩნდება, რომ 9 თვეში უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები მეტია, ვიდრე ჩვენი საბიუჯეტო ასიგნებების მოცულობა 2015 წელს მთლიან სოციალურ ბლოკზე. იგულისხმება განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა, მათ შორის საპენსიო უზრუნველყოფა და დახმარებები. შესაბამისად, თანხა, რომელსაც საქართველო უცხოური გზავნილების სახით იღებს, დიდ როლს თამაშობს ეროვნული ვალუტის სტაბილიზაციაში. ოპონენტები შემედავებიან, ამ ვითარებაში რა სტაბილიზაციაზეა ლაპარაკიო, მაგრამ რომ არ ყოფილიყო ეს თანხა, მაშინ როცა შემოსავალი ტურიზმისგან შემცირებულია თითქმის 25-ჯერ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაცილებით რთულად გვექნებოდა საქმე. მესამე კვარტალის მონაცემები ჯერ არა გვაქვს, მაგრამ მეორე კვარტალში, წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით, მართალია, წმინდა სიმბოლურად, მაგრამ მაინც გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. გათვალისწინებულია, რომ სამთავრობო ვალის თანაფარდობა მთლიან შიგა პროდუქტთან მომავალი წლიდან მკვეთრ კლებას დაიწყებს. ეს იმ დროს, როცა ჩვენ დამატებითი ვალდებულებები გვაქვს გასასტუმრებელი, დაწყებული წლეულს აღებული საგარეო ვალდებულებებით და დამთავრებული 2008 წელს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან აღებული 500-მილიონიანი ევრობონდებით. ეს ფული მაშინ ვითომ გაზსაცავის მშენებლობისთვის აიღო ყოფილმა ხელისუფლებამ, მაგრამ შემდეგ საეჭვოდ გაქრა.
- საქართველოს მთლიანი სახელმწიფო საგარეო ვალი 31 მილიარდ ლარს მიაღწევს. ოპონენტები ხშირად საყვედურობენ ხელისუფლებას, რომ ვალად აღებული ფული არარაციონალურად იხარჯება, რასაც შედეგი არ მოაქვს ეკონომიკისთვის. მაგალითად, რატომ არ ეხმარება ხელისუფლება პირდაპირი დაფინანსებით იმ ბიზნესსექტორებს, რომლებიც პანდემიის გამო დახურვის პირას არიან?
- კონკრეტული ბიზნესის გადარჩენა არ არის ბიუჯეტის ამოცანა. თუმცა, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ვალდებულია და ზრუნავს მოქალაქეების სოციალურ დაცულობაზე. სახელმწიფო პანდემიის დროსაც ეხმარება არა იმდენად ბიზნესს, რამდენადაც ბიზნესში ჩართულ ადამიანებს უწევს სოციალურ დახმარებას. შეუძლებელია საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის ქვაკუთხედად ამა თუ იმ ბიზნესისთვის ხელის შეწყობა ავიღოთ, ამას ჩვენზე ბევრად შეძლებული ქვეყანაც ვერ გაუმკლავდება.
- არსებობს ასეთი პროგნოზიც, რომ ზამთარი და გაზაფხული უფრო მძიმე იქნება. უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ სანამ ეკონომიკა გაუმჯობესებას დაიწყებს, შესაძლოა უფრო გაგვიჭირდეს?
- ზამთრის თვეებში ყოველთვის არის დამატებითი პრობლემები როგორც ბიზნესსა და ეკონომიკაში, ასევე საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც. წელს კი ყველაფერთან ერთად ჩვენ გვიტევს კორონავირუსის პანდემიაც, ამიტომ სირთულეები გვექნება და ეს აისახება როგორც ბიზნესის შესაძლებლობებზე, ისე მოსახლეობის კეთილდღეობაზე. თუმცა ხელისუფლება ზამთრის თვეებში მოსახლეობისთვის კომუნალური ხარჯების ნაწილის დაფარვას მაინც აპირებს. კორონავირუსის გარეშე, ალბათ, კიდევ დიდხანს არ მოგვიწევს ცხოვრება, მაგრამ მხოლოდ მასზე იყოს დამოკიდებული ჩვენი ცხოვრება, ასე არ არის. მეტი უპირატესობა უნდა მივანიჭოთ დარგებს, რომლებსაც გრძელვადიან პერსპექტივაში მეტი შემოსავლის მოტანა შეუძლიათ. რეალურ სექტორში, წარმოებაში, ენერგეტიკაში უნდა გამოვიყენოთ თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიები და მეცნიერული მიღწევები. ამის საფუძველზე შესაძლებელი იქნება თითოეულ დასაქმებულზე მეტი დოვლათის შექმნა, შესაბამისად, მეტი ფულის მობილიზება ბიუჯეტში და იმ გამოწვევების გადალახვა, რომელთა წინაშეც დგას ჩვენი საზოგადოება და მთელი მსოფლიო.