აჭარული სამზარეულოს ვიდეოგაკვეთილებისა და საპრომოციო კლიპის გადაღებები დასრულდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის პროექტის "გემრიელი აჭარა" ფარგლებში ცნობილმა შეფმზარეულებმა ადგილობრივ მზარეულებთან ერთად 10-მდე ტრადიციული აჭარული კერძი მოამზადეს და მათი თანამედროვე ვარიანტები მასტერკლასის სტუმრებს შესთავაზეს. შეხვედრაზე, რომელსაც მზარეულები, კვების ობიექტების წარმომადგენლები და გიდები ესწრებოდნენ, ტრადიციული კერძების სერვირებაზე, შეფუთვასა და მომხმარებელთან მიტანის სტანდარტებზეც ისაუბრეს.
ლაზური, ქობულეთური და მთიანი აჭარის სამზარეულოსთვის დამახასიათებელი კერძებისა და დესერტების გადაღებები აჭარის მუნიციპალიტეტებში ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროექტის მიზანი აჭარული კერძების პოპულარიზაცია და რეგიონში კულინარიის განვითარებაა. პროექტის ფარგლებში გადაღებული ვიდეოგაკვეთილები ფოტორეცეპტებთან ერთად აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სერვისების ონლაინპლატფორმაზე შემოდგომის ბოლოს განთავსდება და ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომი იქნება.