ჩინეთის მშპ მიმდინარე წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, მიუხედავად პანდემიისა, ზრდას განაგრძობს. შესაბამისად, წლიურად ქვეყნის ეკონომიკა 0,7%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ჩინეთის სახელმწიფო სტატისტიკის სამსახური წერს.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ქვეყნის ეკონომიკა მესამე კვარტალში უფრო საიმედოდ გამოიყურება და ზრდამ 4,9% შეადგინა, მაშინ როცა 2019 წლის ივლის-სექტემბერში ზრდა 5% იყო.
დოკუმენტის თანახმად, ჩინეთის ეკონომიკის მასშტაბები პირველ 9 თვეში 72,27 ტრილიონ იუანს აღემატება (დაახლოებით 10,7 ტრილიონი დოლარი). საანგარიშო პერიოდში აგრარული სექტორი გაიზარდა 2,3%-ით 4,81 ტრილიონ იუანამდე (717 მლრდ დოლარი), მრეწველობა 0,9%-ით 27,42 ტრილიონ იუანამდე (4,1 ტრილიონი დოლარი), მომსახურების სფერო კი 0,4%-ით 40,04 ტრილიონ იუანამდე (5,9 ტრილიონ დოლარამდე).
აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ეკონომიკის ზრდის ტემპები სისტემატიურად იკლებს. 2017 წელს ის 6,8% იყო, 2018-ში 6,6%, ხოლო 2019-ში 6,1%.