სხვებისგან განსხვავებით, მე წესებს ვიცავ,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, მმართველი პარტიის წევრებს შეხვედრაზე ეკეთათ პირბადეები, მაგრამ დაუდასტურდათ მაინც კორონავირუსი და რადგან პრემიერს კომუნიკაცია ჰქონდა მათთან, თვითიზოლაციაში რატომ არ გადავიდა.
მისი თქმით, როცა მოქალაქეებთან საუბრობს, არ აქვს მნიშვნელობა ეს პოლიტიკური კამპანიაა თუ სხვა სახის, პირბადეს ყოველთვის ატარებს.
„დღეს ჩვენ ყველაზე მეტს ვმოძრაობთ ქვეყანაში და შეიძლება ინფიცირების გადაცემის რისკი ჩვენ ყველაზე მეტი ვიყოთ, ამიტომ ეს ის პასუხისმგებლობაა, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ და პირბადეს არ ვიხსნით ზოგიერთებისგან განსხვავებით. მიუხედავად იმისა, რომ რისკი იყო მინიმალური, რადგან არც ერთს პირბადე არ მოგვიხსნია, ამის მიუხედავად, კიდევ ერთხელ გადავიზღვიეთ თავი, კიდევ ერთხელ გავიტესტეთ ,“- განაცხადა გახარიამ.