გიორგი გახარია - 112-ის მუშაობის ხარისხი ყოველდღიურად გაიზრდება

112-ის მუშაობის ხარისხი ყოველდღიურად უფრო და უფრო გაიზრდება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

გიორგი გახარიას განცხადებით, 112-ის მუშაობის ხარისხის გაზრდას დაახლოებით 1 კვირა დაჭირდება.

„112 -ში ზარები ათობით ათასით არის გაზრდილი, ეს არის რეალობა. ჩვენ ამ ზარების დივერსიფიცირება მოვახდინეთ და ეს ზარები რეგიონული და დარგობრივი თვალსაზრისით გადანაწილდება სხვადასხვა „ქოლ“ ცენტრში, ეს პრობლემა ეტაპობრივად მოგვარდება. ყოველდღიურად 112-ის მუშაობის ხარისხი უფრო და უფრო გაიზრდება. ამას დაჭირდება დაახლოებით 1 კვირა, რომ არანაირი ხარვეზი არ დარჩეს“,-განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, როგორც პრემიერი აღნიშნავს, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების კლინიკებში განთავსებისას წარმოქმნილი ხარვეზები, შეიძლება დაკავშირებული იყოს გადანაწილების სტრუქტურასთან და წესებთან.

„რაც შეეხება საწოლებს, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ შეფერხებები ჩვენი ინფიცირებული მოქალაქეების განთავსებასთან დაკავშირებით, შეიძლება იყოს სხვადასხვა მიზეზის გამო.

იყო შემთხვევა, როდესაც დიდი ოჯახი იყო ინფიცირებული და უნდოდათ ერთ კონკრეტულ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა. ზოგ შემთხვევაში ჩვენი მოქალაქეები სხვადასხვა მიზეზების გამო ამბობენ, რომ კონკრეტულ საავადმყოფოში უნდათ. იქ, სადაც შესაძლებელია, ვცდილობთ მსგავსი სურვილი გავითვალისწინოთ, თუმცა, ისეთ მოცულობაზე გადავდივართ, რომ ეს უნდა დავივიწყოთ. გვესმოდეს, რომ როდესაც არ გვაქვს სიცხე, არ გვეკუთვნის ჰოსპიტალიზაცია და ამას მაინც ვითხოვთ, ამით ჩვენ თანამოქალაქეებს ვუქმნით რისკს, იმათ, რომლებსაც უფრო სჭირდებათ შესაბამისი ადგილი.

ხარვეზები შეიძლება დაკავშირებული იყოს გადანაწილების სტრუქტურასთან და წესებთან, თუმცა არანაირი პრობლემა საწოლებთან დაკავშირებით ჰოსპიტალურ სისტემაში საქართველოში, თბილისში არ არსებობს“, - განცხადა პრემიერმა.