დარწმუნებული ვარ, რომ ვაქცინის იმ რაოდენობით, რომელიც დღესდღეობით საქართველოს აქვს შესყიდული, ძალიან ბევრი მოქალაქის გადარჩენას შევძლებთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სეზონური გრიპის ვაქცინების შესახებ საუბრისას განაცხადა.
როგორც მინისტრმა განმარტა, არ ხდება ადამიანებისთვის პრივილეგიების მინიჭება და შესაბამისი პროტოკოლით განისაზღვრება უპირველესი რისკ ჯგუფები ვაქცინაციისთვის. მინისტრისვე თქმით, საქართველომ წელს უპრეცედენტო რაოდენობის ვაქცინა შეიძინა.
„ზოგადად მსოფლიოს მასშტაბით ვაქცინების დეფიციტია. საქართველომ მოახერხა და ამ დეფიციტის მიუხედავად შეიძინა ვაქცინის უპრეცედენტო რაოდენობა, 3-ჯერ უფრო მეტი, ვიდრე წინა წლებში ვიყენებდით. წინა წლებში ხშირ შემთხვევაში გვქონდა ვაქცინების ნაშთი. ამის მიუხედავად, ეს ნაბიჯი გადავდგით და ჩვენი მოქალაქეებისთვის ვიყიდეთ ვაქცინა. მნიშვნელოვანია, რომ უპირველეს შემთხვევაში ავცრათ რისკ ჯგუფი. ეს არაა ჩვენი მხრიდან შერჩეული ადამიანები, რომლებსაც გარკვეულ პრივილეგიებს ვანიჭებთ, ესენი ის ადამიანები არიან, რომლებსაც ნამდვილად ყველაზე მეტად ესაჭიროებათ. პირადად მეც მივყვები დაავადებათა კონტროლის ცენტრის პროტოკოლს და დარწმუნებული ვარ, რომ ვაქცინის იმ რაოდენობით, რომელიც დღესდღეობით საქართველოს აქვს შესყიდული, ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქის გადარჩენას შევძლებთ“, - აღნიშნა ტიკარაძემ.