2020 წლის სექტემბერში თბილისში 3,121 საცხოვრებელი ბინის ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 11%-ით აღემატება. როგორც „კოლიერსის“ მიერ ჩატარებულ კვლევაშია აღნიშნული, 2019 წელთან შედარებით ბაზრის ზომა 8%-ითაა გაზრდილი და 134 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
ამასთან, თბილისში ახალაშენებული ბინების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 18%-ით აღემატება, ხოლო ძველ ბინებზე რეგისტრირებული ტრანზაქციების რიცხვი მხოლოდ 2%-ითაა შემცირებული და 962 ერთეულს შეადგენს.
კვლევის მიხედვით, ახალაშენებული ბინების პრემიუმ და მედიუმ სეგმენტები წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 29% და 23%-ით ჩამორჩებიან. ხოლო, ეკონომ სეგმენტში ტრანზაქციების რაოდენობა 32%-ითაა გაზრდილი და 1,814 ერთეულს შეადგენს, რაც დიდწილად სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამის შედეგია.
აღსანიშნავია, რომ თბილისში მდებარე ბინებზე დაფიქსირებული ტრანზაქციები 2020 წლის პირველ სამ კვარტალში 24%-ით შემცირდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ხოლო 2020 წლის მეორე კვარტალში დრამატული - 63%-იანი კლება შეინიშნებოდა.
„ნეგატიურია მოლოდინები მედიუმ სეგმენტის საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე როგორ ტრანზაქციების, ისე ფასის კუთხით. ამ სეგმენტში უფრო გააქტიურდება სპეკულატიური ტრანზაქციები, შემცირებული უძრავი ქონების ფასის ხარჯზე.
ეკონომ კლასის შემთხვევაში ფასი უმნიშვნელოდ შეიცვლება, თუმცა ტრანზაქციების რაოდენობა ამ სეგმენტშიც მოიკლებს. აღსანიშნავია, რომ იზოლაციის ფონზე მოთხოვნა იზრდება კერძო და ხელმისაწვდომ სახლებზე, მათ შორის ქალაქგარეთ.
პრემიუმ კლასის შემთხვევაში წლის ბოლომდე მოსალოდნელია ტრანზაქციების შემცირება თუმცა ვფიქრობთ, რომ ფასი უმნიშვნელოდ შეიცვლება. ეს განსაკუთრებით მწვავედ აისახება გასაქირავებელი უძრავ ქონებაზე, სადაც მოსალოდნელია როგორც ტრანზაქციების, ისე მათ შორის ფასის შემცირებაც“,-აღნიშულია კვლევაში.