საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ორგანიზებით, თბილისში დიდი კაშხლების უსაფრთხოების უზრუნველყოფის თემაზე კონფერენცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე დიდი კაშხლების საერთაშორისო კომისიის (ICOLD) ბიულეტენების („კაშხლის ზედამხედველობის ინსტრუქცია)“ და “(სეისმური პარამეტრების შერჩევა დიდი კაშხლებისთვის”) ქართული თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა. ასევე, განიხილეს საქართველოს ბაზარზე კაშხლების უსაფრთხოების უზრუნველყოფის დარგში დანერგილი პრაქტიკა.
ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი ჩიქოვანის განცხადებით, ჰიდროენერგეტიკის განვითარება საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელიც უმნიშვნელოვანესია როგორც ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ასევე ეკონომიკის განვითარებისთვის. მისივე თქმით, ამავდროულად, მნიშვნელოვანია, საზოგადოება სრულად იყოს დარწმუნებული, რომ დაცულია საერთაშორისო სტანდარტები როგორც არსებული ენერგოობიექტების ექსპლუატაციისას, ასევე ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისას.
„საქართველოს აქვს ჰიდროენერგეტიკული ობიექტების მშენებლობისა და მისი ეფექტური ექსპლუატაციის მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილება. ამავე დროს, ჰიდროენერგეტიკაში ჩვენი ინიციატივით ინერგება ახალი თანამედროვე ტექნოლოგიები. მსგავსი კონფერენციები მიზნად ისახავს სექტორისთვის საერთაშორისო გამოცდილების გაცნობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გიორგი ჩიქოვანმა.
უწყების ცნობით, კონფერენციაზე მონაწილეებს საშუალება მიეცათ, გაეზიარებინათ გამოცდილება, რომელიც საქართველოს ენერგეტიკის სფეროში მოქმედ კომპანიებს წარმატებით აქვთ დანერგილი როგორც მონიტორინგისა და ადრეული განგაშის სისტემების, ასევე ჰიდროტექნიკური ნაგებობების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით.
ღონისძიებაზე განიხილეს საქართველოს ბაზარზე კაშხლების უსაფრთხოების უზრუნველყოფის დარგში დანერგილი პრაქტიკა.
სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წარმოადგინა მოხსენება ჟინვალჰესის მონიტორინგისა და ადრეული განგაშის სისტემების შესახებ, შვეიცარიულმა კომპანია Stucky-მ კი - ქვედა ნამახვანი ჰესის კაშხლის დინამიურობის ანალიზი. მათ შორის, განხილული იყო ამ კაშხლის გამორჩეული სეისმომედეგობა. ასევე წარმოდგენილი იყო ასევე მიდგომები, ტექნოლოგიები და საერთაშორისო პრაქტიკა ჰიდროტექნიკური ნაგებობების, კაშხლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ღონისძიებას დაესწრნენ ენერგეტიკის სექტორში მომუშავე საჯარო და კერძო სექტორის, ასევე სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.