სააფთიაქო ქსელებში უარყოფენ ინფორმაციას, რომ ბაზარზე თერმომეტრის დეფიციტია

საქართველოში მოქმედ სააფთიაქო ქსელებში უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბაზარზე თერმომეტრის დეფიციტია.

როგორც „ავერსის“, PSP-ს და „ჯიპისის“ სააფთიაქო ქსელში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, მათ თერმომეტრის საკმარისი მარაგი აქვთ და ვარაუდობენ, რომ ამ თვალსაზრისით დეფიციტი არ იქნება.

„თერმომეტრის დეფიციტი არ არის, ნამდვილად გვაქვს როგორც ვერცხლისწყლიანი, ასევე ელექტრო თერმომეტრი, რომელიც სხვადასხვა ღირებულებისაა. მსოფლიოში არსებული პანიკიდან გამომდინარე, თერმომეტრს ყველა იძენს, თუმცა სეზონის გათვალისწინებით, ჩვენ მაქსიმალურად ბევრს ვყიდულობთ. ამ ეტაპზე დეფიციტი არ გვაქვს და ვფიქრობთ, არც შეიქმნება“, - განაცხადა „ავერსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ლალი ბრეგვაძემ.

თერმომეტრის დეფიციტს უარყოფენ კომპანია „პსპ“-შიც.

"ჩვენთან არ არის დეფიციტი, თან ახალი პარტიაც შემოსულია. შეიძლება სადმე გათავდეს, მაგრამ მეორე დღეს იქნება. ქვეყანაში ამ თვალსაზრისით დეფიციტი არ იქნება“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ „პსპ-ს“ სააფთიაქო ქსელში.

რაც შეეხება კომპანია „ჯიპისი-ს“, ისინი განმარტავენ, რომ ქსელში როგორც ვერცხლისწყლიანი, ასევე ელექტრო თერმომეტრების საკმარისი მარაგი აქვთ.

„შესაძლოა, კონკრეტულ ფილილში იყო რამდენიმე ცალი და გაიყიდა, თორემ დეფიციტი არ არის. ჩვენს ქსელში გვაქვს როგორც ვერცხლისწყლიანი, ასევე ელექტრო თერმომეტრები“,-განაცხადა კომპანია „ჯიპისი-ს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, თეა ჯავახიშვილმა.

აფთიაქებში თერმომეტრის დეფიციტის შესახებ თავად მომხმარებლები წერენ. მათი ინფორმაციით, თერმომეტრი ვერცერთ აფთიაქში ვერ შეიძინეს.