2019 წელს საქართველოში ბიზნეს-სექტორის ბრუნვა 25,9%-ით გაიზარდა და 109 მილიარდი ლარი შეადგინა.
ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2019 წელს მისი მოცულობა 47.5 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 14 პროცენტით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რომელ კომპანიებს ჰქონდათ ყველაზე მაღალი შემოსავალი 2019 წელს. საქსტატიდან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონე 10 კომპანიიდან 2 სახელმწიფო საწარმოა, 6 კი აზარტული თამაშების ბიზნესი.
საწარმოთა ათეულში გვხვდება ისეთი საწარმოც, რომელიც სააქციო საზოგადოებად არის რეგისტრირებული, შესაბამისად, მათი საბოლოო მფლობელები რეესტრში არ არის მითითებული. ასეთია: სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია და სს „საქართველოს რკინიგზა“. რაც შეეხება დანარჩენ ტოპ-8 კომპანიას დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით, ბიზნესპრესნიუსი“ რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით, გთავაზობთ ცნობებს მათი მფლობელების შესახებ:
შპს ავიატორ
კომპანიის საქმიანობის სფერო არის აზარტული თამაშები. საწარმოს საბოლოო მფლობელები არიან თემურ უგულავა და TSE Holdings Limited-ი. კერძოდ, ეს უკანასკნელი 51%-იან, ხოლო უგულავა 49%-იან წილს ფლობენ. თუმცა, უფრო ვრცლად რომ ვნახოთ „ავიატორის“ მფლობელები, მისი 100%-იან წილს ფლობს შპს „ატლას“, მისი 49% - შპს „სითი ლოფტის“, ხოლო 51% - „ატლას ჰოლდინგსის“ საკუთრებაშია. თავის მხრივ, სითი ლოფტი ეკუთვნის თეიმურაზ უგულავას, ხოლო „ატლას ჰოლდინგსს“ - TSE Holdings Limited-ი ფლობს.
შპს ბეთლაივი
კომპანია ასევე აზარტული თამაშების საქმიანობითაა დაკავებული. რეესტრის ბოლო მონაცემებით, მისი 38%-ინი წილი - სულიკო ვარსემაშვილს, 19% - დავით ველიჯანაშვილს; 3%-იანი წილი - თამაზ ხარაიძე, 40%-ი კი შპს „აიტი ვენჩარის“ ეკუთვნის. თავის მხრივ ეს უკანასკნელი ალექსანდრე წულუკიძის (20%), ალექსანდრე მელაძის (15%), ალექსი მოდებაძის (20%), ლაშა კვაჭაძისა (15%) და სულიკო წულუკიძის (30%) საკუთრებაშია.
შპს ლიდერ-ბეთ სლოტი
კომპანია აზარტული თამაშების მიმართულებით საქმიანობს. მისი 100%-იანი წილის მფლობელი კი აკაკი შუბითიძეა.
შპს მარსი
კომპანიის ყველაზე მსხვილ - 51%%-იან წილს ბვინ ჰოლდინგსი ფლობს, 24%-იანს - ლევან ახვლედიანი; 10%-ს - კნიაზ დასენი; 5%-5%-იან წილებს კი - გიორგი ჩხეიძე, კობა გიგლემიანი და ვანო გიგლემიანი ფლობენ.
შპს სოკარ ჯორჯია გაზი
კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია „სოკარ ენერჯი ჯორჯია“, რომლის 75,505% - აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანიას; 16,33%-იანი წილი - EVENTUS GENERAL TRADING FZE-ს; ხოლო 8,165%-იანი წილი - Intersun Holding FZCO-ს საკუთრებაშია.
შპს ფულ ჰაუსი
საწარმო აზარტული თამაშების მიმართულებით საქმიანობს. მისი 35%-იანი წილი - თემურ მიქელაძეს; 2.5%-2.5%-იანი წილები კი - გურამ დოლიძეს, ზურაბ ერქომაიშვილს, ბაკურ ხარჩილავასა და გიორგი ბარნაბიშვილს ეკუთვნით. 16,67%-16.67%-ს - ნორბერტ ფრანც ტეუფელბერგერი და გიგი ლევაი-ვეისი ფლობენ, 16.66%- მანფრედ ბოდნერის, ხოლო 5% კლაუს გემალ რასმუსსენს ეკუთვნით.
შპს ჩემპიონები 111
კომპანია ასევე აზარტული თამაშების საქმიანობითაა დაკავებული. კომპანიის 100%-იან წილს Betsson Perch Investments-ი ფლობს.
შპს ჯორჯიან მანგანეზი
საწარმოს საქმიანობის სფეროს თუჯის, ფოლადისა და ფეროშენადნობების წარმოება წარმოადგენს. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი კი ლუქსემბურგში რეგისტრირებული - „ჯორჯიან ამერიქენ ელოიზია“.