ნოემბრიდან ამსტერდამის, ვენის, ვარშავის, ათენის, ვილნიუსის, დორტმუნდის, კატოვიცეს და მილანის მიმართულებებზე რეგულარული ფრენები აღდგება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ავიაკომპანიებს, რომლებიც ემსახურებიან მიუნხენის, პარიზის, რიგის მიმართულებას, ნოემბრიდან, საქართველოს მთავრობა ფრენების სიხშირის გაზრდას სთავაზობს.

როგორც თურნავამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ამსტერდამის, ვენის, ვარშავის, ათენის, ვილნიუსის, დორტმუნდის, კატოვიცეს, მილანის, მიმართულებებზე კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ ასევე ნოემბრიდან, რეგულარული ფრენები დაიწყონ.

„გამოიცა მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც განსაზღვრავს ნოემბრის თვეში რეგულარული რეისების ეტაპობრივი გახსნის რეჟიმს. ეს არის მთელი რიგი მიმართულებები, ძირითადად, ევროპული მიმართულებები, მათ შორის, ისეთი მიმართულებები, სადაც აქამდეც ხორციელდებოდა შეზღუდული ფორმატით რეისები, მათ შორის ჩარტერული. ახლა არის ღია რეგულარული ფრენების შესრულებისთვის. ტრადიციული მიმართულებები, როგორიც არის - მიუნხენი, პარიზი, რიგა, აქ ჩვენ შევთავაზეთ კომპანიებს, რომლებიც ამ მიმართულებებს ემსახურებიან, გაზარდონ სიხშირეები. ხოლო რაც შეეხება დანარჩენ მიმართულებებს - ამსტერდამს, ვენას, ვარშავას, ათენს, ვილნიუსს, დორტმუნდს, კატოვიცეს, მილანს, ამ მიმართულებებით შესაძლებელი იქნება იმ კომპანიებისთვის, ვინც აქამდეც ასრულებდა რეისებს, დაიწყონ რეგულარული ფრენები. რაც შეეხება მეტ დეტალს, მაგალითად, რამდენჯერ იფრენენ კვირაში, რა სიხშირით და როდიდან განაახლებენ, ეს დიდად არის დამოკიდებული ავიაკომპანიების კომერციულ მდგომარეობაზე. ბევრ ავიაკომპანიას საკმაოდ რთული პერიოდი უდგას, გაუჭირდათ აქედან გამომდინარე, ისინი თვითონაც თვლიან როდიდან და რა სიხშირით დაიწყებენ ფრენას. ასევე დამოკიდებულია ჩვენს მიდგომებზე, რადგან გადაწყვეტილი გვაქვს ეტაპობრივი გახსნა. მთელ მსოფლიოში, ევროპაშიც და საქართველოშიც ახლა მეორე ტალღა არის, იმატებს ინფიცირებულთა რაოდენობა და ყველა რისკი უნდა იყოს დაბალანსებული. მეორე მხრივ, ჩვენი არჩევანი არის ადაპტაცია, ჩვენი არჩევანია იმდაგვარად ვებრძოლოთ პადემიას, რომ არ შევზღუდოთ ბიზნესი და ამ ლოგიკაში ორგანულად ჯდება ფრენების ეტაპობრივი გახსნა, რაც მნიშვნელოვანია ვიზიტორებისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის და ბიზნესვიზიტორებისთვის“, - განაცხადა თურნავამ.