რუსული საექსპორტო ხორბლის ფასი, კვლავ იზრდება. მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელის ლევან სილაგავას თქმით, ქვეყანაში არსებული გარდამავალი მარაგების ამოწურვის შემდეგ, ხორბალი და ფქვილი გაძვირდება საქართველოშიც.
ლევან სილაგავას თქმით, მსოფლიო ბაზარზე არსებული რთული ვითარების კომპენსირებისათვის ხელისუფლება მზად არის სხვადასხვა მეთოდებით ჩაერიოს, რათა პური არ გაძვირდეს.
,,ჩვენ ამ ეტაპზე გვაქვს გარდამავალი მარაგები, თუმცა ყოველი შემდგომი შემოტანა წინაზე უფრო ძვირია. ამის მიუხედავად, საშუალო შეწონილი ფასით, ჯერჯერობით ფასი სტაბილურია. წისქვილკომბინატებს ფასი არ გაუზრდიათ.
რაც შეეხება მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე პროცესებს, ვგულისხმობ ხორბლის გაძვირებას, ეს განპირობებულია ქვეყნების მხრიდან მარაგების ზრდით, რაზეც ცალსახად, პანდემიამ იქონია გავლენა. არადა, წელს შარშანდელთან შედარებით მოსავლის რაოდენობა საკმაოდ კარგია და ჩვეულებრივ სიტუაციაში ფასების ზრდა არ უნდა მომხდარიყო. უარყოფით ფაქტორებს შორისაა ისიც, რომ რუსეთში კვლავ დაიწყო საუბარი ექსპორტზე კვოტირების შემოღებაზე ახალი წლიდან.
ჩვენ გვაქვს ყოველდღიური კომუნიკაცია სამთავრობო სტრუქტურებთან, რომლებიც ფასის მონიტორინგს აწარმოებენ და არაერთხელ ითქვა სოფლის მეურნეობის მინისტრის მხრიდან, მათ შორის საჯაროდაც, რომ თუ იქნება სერიოზული პრობლემები, ისინი მზად არიან ჩაერიონ სხვადასხვა მეთოდებით. ეს სავარაუდოდ, იქნება თავად ხორბლის და ფქვილის ან პირდაპირ პურის ფასის სუბსიდირება.“-განმარტა სილაგავამ.
მისივე თქმით, ფქვილი არ არის ერთადერთი კომპონენტი პურის ფასში, რომლის ღირებულებაც გაუფასურებული ლარის გამო იზრდება.
,,ფასის ზრდას ყველა კომბინატი წყვეტს ინდივიდუალურად, იმის მიხედვით, ვის რამდენი აქვს მარაგი. ზოგადად, ფასის ცვლილება თვენახევარში ან ერთ თვეში აისახება. ჩვენ, ამ ეტაპზე ვუახლოვდებით ზღვარს, როცა შესაძლოა, გაიზარდოს ფქვილის ფასი, გამომდინარე ძვირად ნაყიდი ხორბლიდან. დღეს 1 ტომარა ფქვილის ფასი 47-52 ლარის ფარგლებში მერყეობს. მატება ალბათ, მოხდება 2-3 ლარით და შესაძლოა, რომ ესეც არ იყოს კრიტიკული პურის ფასის ზრდისთვის. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ფქვილის ფასი, პურის ფასის მხოლოდ 50%-ია და დანარჩენი, ტრანსპორტირებაზე, საფუარზე, ზეთზე, შეფუთვაზე, კომუნალურ ხარჯზე და სხვა კომპონენტებზე მოდის, რაც ასევე ლარის კურსის გაუფასურების გამო გაზრდილია. ამიტომ ფქვილზე ფასის ცვლილება ალბათ, ნელნელა მოხდება, ზოგი უფრო ადრე გააძვირებს, ზოგი შემდეგ, მაგრამ ეს ჯერ მაინც არ არის კრიტიკული ზღვარი“- განაცხადა სილაგავამ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ხორბლის ერთ-ერთი უმსხვილესო იმპორტიორი რუსეთია, სადაც ერთი ტონა საექსპორტო ხორბლის ღირებულებამ 250 დოლარს მიაღწია მაშინ, როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 195 დოლარი იყო.
2020 წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყანაში ხორბლისა და მესლინის იმპორტმა შეადგინა 80,358 მლნ დოლარი, ჯამში 368 746 ტონა. ეს კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,1%-ით მეტია. 2019 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ 74,278 მლნ დოლარის ღირებულების ხორბალი და მესლინი იყიდა, სულ 343 689 ტონა.