დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ხვალიდან თბილისსა და ქუთაისში, ცხელების ცენტრებსა და პირველად პოლიკლინიკებში, შესაძლოა, ცხელების მქონე მოქალაქეებს, კვლევა PCR ტესტის ნაცვლად, ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტებით ჩაუტარდეთ.
როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი PCR ტესტის სარწმუნოებას მიუახლოვდა.
"დიფერენცირებული დიაგნოსტიკა რომ გვქონდეს სწრაფი, ამისთვის ახალ მეთოდზე ვმუშაობთ. ადამიანი ვინც ცხელებით მიდის, ყველა კოვიდი არ არის. ხვალიდან თბილისსა და ქუთაისში ცხელების ცენტრებსა და პირველად პოლიკლინიკებში შეიძლება გადავიდეთ ანტიგენზე დამყარებულ სწრაფ ტესტებზე, იმისთვის, რომ ცხელების ცენტრებში მოხდეს სწრაფი დიფერენცირებული დიაგნოსტიკა. ამოუწურავი რესურსი მედიცინაში არ არსებობს, ამ დროისთვის, ჩვენი 26 ლაბორატორიის სიმძლავრე 8-10 ათასამდე ტესტია. წინ შემოდგომის რთული პერიოდი გველის. ამასთან, დღეს გიდასტურებთ, რომ საერთო აღებული ნიმუშებში მხოლოდ 10%-ია დაგროვება. დღეს ჩვენ ქვეყანაში გვქონდა 9124 PCR ტესტი. ამ ძალიან დაძაბულ რეჟიმში მუშაობისას, ჩვენ გვაქვს მხოლოდ 10 პროცენტიანი ნიმუშების დაგროვება, მეტი არა. ალბათ უკვე ორი კვირაა, ჩვენ დავიწყეთ სხვა ტიპის ვირუსების ცირკულაციის მონიტორინგი, ჯერჯერობით, მხოლოდ რინო და ადენო ვირუსი ცირკულირებს",- განაცხადა გამყრელიძემ.