ამირან გამყრელიძე - „რემდესივირი“ ქვეყანაში შემოვა მხოლოდ კვლევის ფარგლებში და არ იქნება გაყიდვაში, ამის ილუზიას ნუ შევქმნით

მედიკამენტი „რემდესივირი“ ქვეყანაში შემოვა მხოლოდ კვლევის ფარგლებში და არ იქნება გაყიდვაში, ამის ილუზიას ნუ შევქმნით. ის არსად იყიდება და არც შეიძლება გაიყიდოს, იმიტომ, რომ მკაცრად ინიშნება მხოლოდ ექიმის მიერ, მხოლოდ სპეციალური ჩვენებისას - მძიმე და კრიტიკულ ავადმყოფებში,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს პრეპარატთან მიმართებით მოლაპარაკებები აქვს და საუბარი იყო, რომ ოქტომბრის ბოლოს ის საქართველოში უნდა იყოს.

„ბევრი კვლევა არსებობს „რემდესივირთან“ დაკავშირებით, ისევე, როგორც სხვა მედიკამენტებთან მიმართებით. ჯერჯერობით დიდმა რანდომიზირებულმა ზოგიერთმა კვლევამ დაადასტურა, რომ მას აქვს გარკვეული პოზიტიური ეფექტი მძიმე ავადმყოფებში. ასევე, გუშინ, გუშინწინ გამოქვეყნდა კოხრეინის ბიბლიოთეკის დიდი კვლევა. ეს არის ბრიტანულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული ყველაზე დიდი ნაკრები ინფორმაციისა, რომელმაც თქვა, რომ ჯერჯერობით ამ ეტაპზე „რემდესივირთან“ დაკავშირებით გადამწყვეტი დასკვნა, საკმარისი მასალა ჯერ კიდევ არ არსებობს", - განაცხადა გამყრელიძემ.