გურჯაანში რეგიონული ინოვაციების ცენტრის მშენებლობა დასრულდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურჯაანში ინოვაციების ცენტრის მშენებლობა დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მისი ღირებულება 2.4 მილიონ ლარზე მეტია. პროექტის ფარგლებში, აშენდა ორსართულიანი ნაგებობა, სადაც განთავსდება სამუშაო და სასწავლო ოთახები, საკონფერენციო და დამხმარე სათავსოები და სამუშაო სივრცე. ასევე, მოეწყო ღია ტერასა სხვადასხვა აქტივობისთვის და მოხდა ტერიტორიის კეთილმოწყობა შემოღობვით, პარკირებითა და გამწვანებით. პროექტში გათვალისწინებულია შშმ პირთა საჭიროებები.

,,ინოვაციების ცენტრების ფუნქციებია: სივრცე ტრენინგებისთვის და ვორქშოფებისთვის, საერთო სამუშაო სივრცე, სივრცე პრეზენტაციებისთვის. პროექტის განხორციელების შედეგად, ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ, როგორც საგრანტო დაფინანსებაში, მათი პროექტების განხორციელებისთვის, ასევე, ექსპერტების ინფორმაციის და ცოდნის გაცვლაში. რეგიონული ცენტრების მშენებლობა გააერთიანებს ახალგაზრდებს და მისცემს მათ თავისი პოტენციალის რეალიზების საშუალებას.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი რეგიონული ინოვაციების ცენტრის მშენებლობას კასპშიც ახორციელებს, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.