იანვარ-სექტემბერში სანავთობო ბიტუმის იმპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა

2020 წლის სექტემბერში საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 17,6 ათასი ტონა, რაც 2,0 ათასი ტონით ანუ 12,8%-ით მეტია აგვისტოს თვის მაჩვენებელთან (15,6 ათასი ტონა) შედარებით და 2,4 ათასი ტონით ანუ 12,0%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (20,0 ათასი ტონა) შედარებით. როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირიდან იუწყებიან, აქედან იმპორტის 57,9% (10,2 ათასი ტონა) განხორციელდა აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან, 33,5% (5,9 ათასი ტონა) - ერაყიდან, 7,4% (1,3 ათასი ტონა) - თურქეთიდან, 1,1% (0,2 ათასი ტონა) - ალბანეთიდან.

„მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის თვეების განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 90,5 ათასი ტონა, რაც40 ათასი ტონით ანუ 30,6%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (130,5 ათასი ტონა) შედარებით. აქედან იმპორტის 59,8% (54,1 ათასი ტონა) მოდის აზერბაიჯანზე. შემდეგ მოდიან: ერაყი - 24,5% (22,2 ათასი ტონა),ირანის ისლამური რესპუბლიკა - 8,4% (7,6 ათასი ტონა), რუსეთი - 3,5% (3,2 ათასი ტონა), თურქეთი - 2,3% (2,1 ათასი ტონა), სომხეთი - 1,0% (0,9 ათასი ტონა), გაერთიანებული ემირატები - 0,2% (0,2 ათასი ტონა). სანავთობო ბიტუმის კლება განპირობებულია Covid 19 - ის პანდემიიდან გამომდინარე და ასევე იმით, რომ ბოლო რამდენიმე თვეა ირანის ისლამური რესპუბლიკიდან არ ხდება სანავთობო ბიტუმის იმპორტი, რომელიც თავის მხრივ ბოლო წლების განმავლობაში იყო ამ პროდუქციის ძირითადი მომწოდებელი“, - აღნიშნულია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, 2020 წლის სექტემბრის თვეში საქართველოში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 1,6 ათასი ტონა, რაც 2,4 ათასი ტონით ანუ 60%-ით ნაკლებია აგვისტოს თვის მაჩვენებელთან (4,0 ათასი ტონა) შედარებით და 2,1 ათასი ტონით ანუ 56,7%-ით გასული წლის სექტემბრის თვის მაჩვენებელთან (3,7 ათასი ტონა) შედარებით. „მათ შორის, იმპორტის 87,5% განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის თვეების განმავლობაში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 30,2 ათასი ტონა, რაც 3,9 ათასი ტონით ანუ 14,8%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (26,3 ათასი ტონა). მათ შორის, იმპორტის 93,7% განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან“, - აღნიშნულია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.