Tesla ჩინეთში წარმოებულ ავტომობილებს ევროპაში გაყიდის

ამერიკული ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla გეგმავს ევროპაში განახორციელოს ჩინეთში წარმოებული ელექტრომობილების ექსპორტი. საუბარია Model 3-ზე, რომლის წარმოებაც შანხაის ქარხანაში ხდება. ამის შესახებ სააგენტო Xinhua წერს.

ჩინეთში აწყობილი Tesla-ს სედანების პირველი პარტია, რომელიც მომდევნო სამშაბათს დატოვებს შანხაის პორტს, ბელგიის პორტ ზებრიუგეში ნოემბერში ჩავა. ეს ავტომობილები გაიყიდება გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთში, პორტუგალიასა და შვეიცარიაში.

„ძლიერი საწარმო ჯაჭვისა და შანხაის ქარხნის წარმოების მოცულობის მოწინავე პოზიციებიდან გამომდინარე, ჩინური Model 3 აჩვენებს კონკურენტუნარიანობას მსოფლიო ბაზარზე“ - აცხადებს შანხაის ქარხნის ტექნიკური დირექტორი სუნ განი.

შეგახსენებთ, შანხაის ქარხანა ამ დროისთვის ერთადერთი ქარხანაა, რომელიც ამერიკული ბრენდის ელექტრომობილებს ამერიკის ფარგლებს გარეთ აწარმოებს. ამ ქარხნის მშენებლობის დაწყებაზე შეთანხმება 2018 წლის ივლისში გაფორმდა. ქარხანა გეგმავს წლიურად 500 ათასი ელექტრომობილის წარმოებას. პროექტში უკვე ჩადებულია 7 მილიარდი დოლარის ინვესტიცია, თუმცა ის სრული დატვირთვით ჯერ კიდევ არ მუშაობს. ამასთან, შეგახსენებთ, რომ კომპანია ამ მომენტისთვის ქარხანას აშენებს ბერლინის მახლობლადაც, მასაც იგივე წარმადობა ექნება, თუმცა მისი გახსნა მომავალ წლამდე არ მოხდება.

კოკა კვირკველია