„ბასტი ბუბუ“ დგას დახურვის პირას, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა“

„უკვე მერვე თვეა „ბასტი ბუბუს“ არცერთი თანამშრომელი ხელფასს არ იღებს - „ბასტი ბუბუ“ დგას დახურვის პირას, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა“,- ამის შესახებ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ საბავშვო სტუდია „ბასტი ბუბუს“ დირექტორმა პაატა ამონაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პანდემიის გამო, სტუდიას დაგროვილი აქვს 120 000 ლარის დავალიანება, რომლის გადახდაც გაჩერებული მუშაობის პირობებში ვერ ხერხდება. ამას კი, ღონისძიებების გაურკვეველი დროით აკრძალვაც ემატება.

„ბასტი ბუბუს“ 28-წლიანის ისიტორია აქვს, 2 წელიწადში 30 წელი უსრულდება და ასეთი სერიოზული პრობლემა, რაც 2020 წელს შეექმნა, ისტორიულად არასდროს ჰქონია. პრობლემის საფუძველი გასაგებია, ეს იყო ის შეზღუდვები, რომელიც დაწესდა კორონავირუსის გამო და ალბათ, სწორი იყო. „ბასტი ბუბუ“ მთელი ეს პერიოდი არის სახელმწიფო შენობაში, ვიხდით იჯარას, რაც არც ისე ცოტაა. დაახლოებით, 12 000-მდე ადის იჯარის ღირებულება, რომელსაც „ბასტი ბუბუ“ კეთილსინდისიერად ყოველთვის იხდიდა. როდესაც დაიწყო პრობლემები, უკვე მარტიდან გამოცხადდა შეზღუდვები და ბუნებრივია, „ბასტი ბუბუს“ დაუგროვდა არც ისე მცირე დავალიანება, 120 ათასი ლარის ოდენობით, რომლის გადახდაც ვერ ხერხდება“,- განაცხადა პაატა ამონაშვილმა.

მისი თქმით, საბავშვო სტუდიის ხელმძღვანელობამ არერთხელ მიმართა შესაბამის უწყებებს, პასუხად კი, ბოლო წერილში „ბავშვთა ახალგაზრდობის საგენტო“ დავალინების 1 კვირის ვადაში დაფარვას ითხოვს.

„აპრილიდან მოყოლებული ჩვენ მივმართავთ წერილებით ბავშვთა ახალგაზრდობის სააგენტოს, რომლთანაც ხელშეკრულება გვაქვს იჯარის, ასევე ეკონომიკის სამინისტროს, ასევე, მთავრობის სხვადასხვა დონეზე ბევრი წერილი გვაქვს დაწერილი. რა თქმა უნდა, გვპასუხობენ, მაგრამ სიტყვერად გვეუბნებიან, რომ მარტის შემდეგ მოყოლებული იჯარის გადასახადი ალბათ, ჩამოგეწერებათ. თუმცა, იქ იყო კიდევ ერთი დავალიანება, 36 000 ლარის ოდენობით, რომელიც დაგროვდა იანვარ-თებერვლის არდადეგების დროს, ამ პერიდოში ეს ყოველთვის უგროვდბეოდა ხოლმე „ბასტი ბუბუს“, მაგრამ შემდეგ მარტი-ივნისის კონცერებიდან ხდებოდა ამ ვალის გასტუმრება, რაც ახლა ვერ მოხდა კორონავირუსის გამო. ახლა სწორედ ეს იწვევს გაუგებრობას, რომ ის, რაც მარტამდე დაგროვდა ვერ ჩამოგაწერთო და ამაზე ვსაუბრობთ უკვე ნახევარი წელია. პრინციპში, ბოლო წერილი, რომელიც მივიღეთ ახალგაზრდობის სააგენტოდან იყო ულტიმატუმის ენით მოთხოვნა, რომ ერთი კვირის ვადაში უნდა გადავიხადოთ 120 000 თორემ, სასამართლოში გვიჩივლებენ. რაზეც გავეცით პასუხი, რომ ველოდებით სასამართლოს. ჯერ-ჯერობით ეს სასამართლო პროცესიც არ არის დაწყებული. თუმცა სიტყვერად ყველა შედის „ბასტი ბუბუს“ მდგომარეოში“,-განაცხადა პაატა ამონაშვილმა.

კითხვაზე, კომპანიამ შეძლო თუ არა სახელმწიფო შეღავათებით სარგელობა, „ბასტი ბუბუს“ დირექტორი ამბობს, რომ ვერა. როგორც პაატა ამონაშილმა განმარტა, სტუდიის თანაშრომლებს უკვე 8 თვეა ხელფასი არ აუღიათ, შესაბამისად, ვერც საშემოსავლო შეღავათებით ისარგებლეს.

„უკვე მერვე თვეა „ბასტი ბუბუს“ არცერთი თანამშრომელი ხელფასს არ იღებს. შესაბამისად, აქ არანაირ საშემოსავლო შეღავათზე აღარ არის საუბარი. რეალურად, ამ პანდემიურმა მდგომარეობამ ჩვენი ორგანიზაცია მიიყვანა დახურვის პირას. ანუ, „ბასტი ბუბუ“ დგას დახურვის პირას, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა. იმიტომ, რომ ონლაინ პროგრამები, როგორც ეს კერძო სკოლებს შეუძლია, ჩვენ შემთხვევაში არ მოქმედებს. ასევე, მასობრივი ღონისძებები როდის აღდგება, უცნობია და „ბასტი ბუბუ“ მასობრივი დღესასწაულისა და მხიარულების გარეშე, რაღა „ბასტი ბუბუა“?!“, - აღნიშნა პაატა ამონაშილმა.

ნინი ქეთელაური