“ერთი კვირის ვადაში უნდა გადავიხადოთ 120 000 ლარი თორემ, სასამართლოში გვიჩივლებენ”

“ბოლო წერილი, რომელიც მივიღეთ ახალგაზრდობის სააგენტოდან, იყო ულტიმატუმის ენით მოთხოვნა, რომ ერთი კვირის ვადაში უნდა გადავიხადოთ 120 000 ლარი თორემ, სასამართლოში გვიჩივლებენ”, -ამის შესახებ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ საბავშვო სტუდია „ბასტი ბუბუს“ დირექტორმა პაატა ამონაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პანდემიის გამო, სტუდიას დაგროვილი აქვს 120 000 ლარის დავალიანება, რომლის გადახდაც გაჩერებული მუშაობის პირობებში ვერ ხერხდება. ამას კი, ღონისძიებების გაურკვეველი დროით აკრძალვაც ემატება.

როგორც პაატა ამონაშილმა განმარტა, საბავშვო სტუდიის ხელმძღვანელობამ არერთხელ მიმართა შესაბამის უწყებებს, პასუხად კი, ბოლო წერილში „ბავშვთა ახალგაზრდობის საგენტო“ დავალინების 1 კვირის ვადაში დაფარვას ითხოვს.

„ბასტი ბუბუს“ 28-წლიანის ისტორია აქვს, 2 წელიწადში 30 წელი უსრულდება და ასეთი სერიოზული პრობლემა, რაც 2020 წელს შეექმნა, ისტორიულად არასდროს ჰქონია. პრობლემის საფუძველი გასაგებია, ეს იყო ის შეზღუდვები, რომელიც დაწესდა კორონავირუსის გამო და ალბათ, სწორი იყო. „ბასტი ბუბუ“ მთელი ეს პერიოდი არის სახელმწიფო შენობაში, ვიხდით იჯარას, რაც არც ისე ცოტაა. დაახლოებით, 12 000-მდე ადის იჯარის ღირებულება, რომელსაც „ბასტი ბუბუ“ კეთილსინდისიერად ყოველთვის იხდიდა. როდესაც დაიწყო პრობლემები, უკვე მარტიდან გამოცხადდა შეზღუდვები და ბუნებრივია, „ბასტი ბუბუს“ დაუგროვდა არც ისე მცირე დავალიანება, 120 ათასი ლარის ოდენობით, რომლის გადახდაც ვერ ხერხდება.

აპრილიდან მოყოლებული ჩვენ მივმართავთ წერილებით ბავშვთა ახალგაზრდობის სააგენტოს, რომლთანაც ხელშეკრულება გვაქვს იჯარის, ასევე ეკონომიკის სამინისტროს, ასევე, მთავრობის სხვადასხვა დონეზე ბევრი წერილი გვაქვს დაწერილი. რა თქმა უნდა, გვპასუხობენ, მაგრამ სიტყვიერად გვეუბნებიან, რომ მარტის შემდეგ მოყოლებული იჯარის გადასახადი ალბათ, ჩამოგეწერებათ. თუმცა, იქ იყო კიდევ ერთი დავალიანება, 36 000 ლარის ოდენობით, რომელიც დაგროვდა იანვარ-თებერვლის არდადეგების დროს, ამ პერიოდში ეს ყოველთვის უგროვდებოდა ხოლმე „ბასტი ბუბუს“, მაგრამ შემდეგ მარტი-ივნისის კონცერებიდან ხდებოდა ამ ვალის გასტუმრება, რაც ახლა ვერ მოხდა კორონავირუსის გამო. ახლა სწორედ ეს იწვევს გაუგებრობას, რომ ის, რაც მარტამდე დაგროვდა ვერ ჩამოგაწერთო და ამაზე ვსაუბრობთ უკვე ნახევარი წელია. პრინციპში, ბოლო წერილი, რომელიც მივიღეთ ახალგაზრდობის სააგენტოდან, იყო ულტიმატუმის ენით მოთხოვნა, რომ ერთი კვირის ვადაში უნდა გადავიხადოთ 120 000 თორემ, სასამართლოში გვიჩივლებენ. რაზეც გავეცით პასუხი, რომ ველოდებით სასამართლოს. ჯერჯერობით ეს სასამართლო პროცესიც არ არის დაწყებული. თუმცა სიტყვიერად ყველა შედის „ბასტი ბუბუს“ მდგომარეოში“,-განაცხადა პაატა ამონაშვილმა.

ნინი ქეთელაური