თანამედროვე სამუშაო სივრცის მოწყობის 5 ტრენდი

ბოლო პერიოდში ახალი ოფისების დაპროექტება, მათი ინტერიერისა და ექსტერიერის სწორად დაგეგმვა ხელოვნებად და საკმაოდ მაღალანაზღაურებად სამუშაოდ იქცა.

ზოგიერთი კომპანიის შთამბეჭდავი სამუშაო სივრცის ფოტოები „ფეისბუქზე“, „ინსტაგრამსა“ თუ „პინტერესტზე“ დიდი პოპულარობით სარგებლობს და ბრენდის ცნობადობას თავისდაუნებურად ზრდის.

იმისათვის, რომ თანამშრომლებზე მორგებული, სასიამოვნო, დახვეწილი და რაც მთავარია, საქმიანი სამუშაო სივრცე შევქმნათ, შეგვიძლია, შემდეგი 5 ტრენდი გავითვალისწინოთ:

სამუშაო და დასასვენებელი სივრცე ერთად

workpalce1-1603196191.jpg

თუ გვსურს, თანამშრომლებმა იგრძნონ, რომ მათ კომფორტზე ვზრუნავთ, მათზე მორგებული სამუშაო სივრცე უნდა მოვაწყოთ. ნათელი ოთახები დიდი ვიტრაჟებით, ღია ფერის ავეჯი და კომფორტული სამუშაო კუთხე სასიამოვნო სურათს ქმნის.

თანამშრომლებმა რამდენიმე წუთით განტვირთვაც რომ შეძლონ, შეგვიძლია, სამუშაო სივრცეშივე მოვაწყოთ პატარა კუთხე რბილი ავეჯითა და ყავის მაგიდით, რომელიც მულტიფუნქციური იქნება და სტუმრების მისაღებადაც გამოგვადგება.

სივრცითი სამუშაო სივრცეები სულ უფრო პოპულარული ხდება, რაც ერთი მხრივ, მულტიფუნქციურობის და მეორე მხრივ, გამჭვირვალობის ხარისხს ზრდის. ასეთ სივრცეებში შენობიდან ეზოში ან ეზოდან შენობაში ისე ხვდები, რომ სამუშაო ტერიტორიას არ ტოვებ, ირგვლივ გიგანტური მცენარეებია, აქვეა პატარ-პატარა მოსასვენებელი კუთხეები, წიგნების თარო, ტექნიკური აღჭურვილობა, პატარა კაფე. დღეს, ასეთი სივრცეები სრულიად ნორმალურ დაგეგმარებას წარმოადგენს და თანამშრომლებსა და ხელმძღვანელ პირებს შორის ინტერაქციას, სამუშაოთი კმაყოფილებასა და მოტივაციას ზრდის.

აღნიშნული ტენდენცია გამოგვადგება, თუ დიდ სამუშაო სივრცეს ვაწყობთ, ხოლო პატარას შემთხვევაში, შეგვიძლია, მცირე ზომის რამდენიმე მცენარეთი, დასასვენებელი კუთხითა და ნათელ ფერებში გადაწყვეტილი ავეჯით შემოვიფარგლოთ.

ხის მასალა ან ხის ფერები

ხე ან ხის ფერში გადაწყვეტილი ინტერიერი დიდი ხანია, წარსულიდან დაბრუნდა. თუ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ულტრათანამედროვე სტილი და სითეთრე გვჭრიდა თვალს, დღეს მათ ხის დეტალები ჰარმონიულად ერწყმის. ბევრ ოფისსა თუ ბინაში უკვე შეხვდებით ხის იატაკს, ავეჯს ან უბრალოდ ხის ფერში გადაწყვეტილ კედლებს, რომელიც სივრცეს უფრო მყუდროს და თბილს ხდის.

ფოტოშპალერი

workpalce2-1603196252.jpg

ალბათ, არასდროს ყოფილა მინიმალიზმი ისეთი პოპულარული, როგორც დღეს. ოფისში ზოგიერთი ოთახი, მაგალითად, სათათბირო, ავეჯითა და სხვა ნივთებით გადატვირთვას სულაც არ მოითხოვს. ხშირ შემთხვევაში, საკმარისია ერთი დიდი მაგიდა სკამებით და მონიტორი განვათავსოთ. ამგვარ ოთახებში დიდი პოპულარობით სარგებლობს კედლის ფოტოშპალერით გაფორმება. გამოსახულება შეგვიძლია დანარჩენი კედლებისა და ავეჯის ფერების მიხედვით შევარჩიოთ და სათათბირო ოთახს თუ დასასვენებელ სივრცეს მეტი ხალისი შევმატოთ.

ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, ყურადღება გავამახვილოთ ფოტოშპალერის ხარისხზე. უხარისხო მასალით დაბეჭდილი ფოტოშპალერი შეიძლება მომწამვლელი და ჯანმრთელობისთვის საზიანო აღმოჩნდეს. საქართველოში ფოტოშპალერზე მოთხოვნის ზრდის შესაბამისად, სტამბა „პრინტარეამ“ შემოიტანა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო, ეკოლოგიურად სუფთა მასალები, რომელიც როგორც ოფისში, ისე ბავშვის საძინებელ ოთახშიც გამოიყენება. აღნიშნული შპალერი სველი წესითაც იწმინდება ისე, რომ არ ზიანდება.

შესაბამისად, როგორც ავეჯის, ისე ფოტოშპალერის შერჩევის დროსაც სასურველია, ხარისხზე გავამახვილოთ ყურადღება.

მცენარეები

workplace3-1603196331.jpg

მცენარეები დღეს ოფისების განუყოფელი ნაწილია. მნიშვნელობა არ აქვს, ოფისი 90-იან წლებში დაპროექტდა და აშენდა თუ არქიტექტურის უახლეს ნიმუშს წარმოადგენს, შესვლისთანავე შენიშნავთ, რომ ინტერიერის დიზაინში ისინი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ.

ამასთან, მცენარეები ჟანგბადის წყაროა და ოფისში „ჰაერის გამწმენდ“ საშუალებაც არის. ცნობილი ფაქტია, რომ ისინი თანამშრომლებში განწყობას ამაღლებენ და სტრესს ხსნიან. ამასთან, თანამშრომლებს მათი მოვლის, მათზე ზრუნვის სურვილი უჩნდებათ, რაც სამუშაო ადგილისადმი მათ კმაყოფილებას კიდევ უფრო ზრდის.

თანამედროვე ტექნიკური საშუალებები

ვინაიდან ციფრულ ეპოქაში ვცხოვრობთ, მნიშვნელოვანია, ოფისი თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღვჭურვოთ, რათა თანამშრომლებს მუშაობა უფრო გავუადვილოთ.

გარდა ამისა, ტექნიკა ინტერიერის უმნიშვნელოვანეს ნაწილსაც წარმოადგენს. ბევრ თანამედროვე ოფისში შეხვდებით მონიტორებს, რომლებიც მუშაობის პროცესში დიდ როლს ასრულებენ. რა თქმა უნდა, ყველა ტექნიკური საშუალება საჭიროებებზე უნდა იყოს მორგებული.