სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლები სამუშაო საათების გაზრდას და საგადასახადო შეღავათებს, ასევე სახელმწიფოს მხრიდან ბანკებთან შუამდგომლობას ითხოვენ.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა შოთა ბურჯანაძემ აღნიშნა, გლობალური პანდემიის პერიოდში ეტაპობრივად შემოღებული შეზღუდვების გამო რესტორნების 70%- მდე დახურული და გაკოტრებულია. მისივე თქმით, 100 000-მა ადამიანმა უკვე დაკარგა სამსახური.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, რესტორნების მუშაობის 22:00 საათამდე შეზღუდვა სექტორთან შეუთანხმებლად მოხდა.
„ჩვენი მოთხოვნებია, შესაბამისი რეგულაციების დაცვით სამუშაო საათები გაიზარდოს, რათა სამუშაო ადგილების შენარჩუნება მოხდეს. სახელმწიფოს შუამდგომლობა ბანკებთან აუცილებელია, ასევე საგადასახადო წნეხი, რომელიც არსებობს და შესაძლებლობას არ აძლევს სექტორს იფუნქციონიროს კოვიდის პირობებში, მოიხსნას. გვაქვს გამოსავლის შესაძლებლობები, რომლებიც შეგვიძლია სახელმწიფოს შევთავაზოთ და რეალურად განვახორციელოთ პრემიერთან შეხვედრის შემდეგ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემა იმდენად დიდია, 300 000 ადამიანი სამსახურს დაკარგავს და საერთოდ აღარ იარსებებს სარესტორნო სფერო“,-აღნიშნა რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა.