პრემიერ-მინისტრმა რამდენჯერმე აღნიშნა და ჩვენ სავსებით ვეთანხმებით, რომ „ლოკდაუნი" აღარ განხორციელდება, რადგან ქვეყნის ეკონომიკა ამას ვერ გადაიტანს, - ამის შესახებ „აჭარა ტექსტილის" დირექტორმა გია ლომინაძემ, პრემიერ-მინისტრისა და მსხვილი დამსაქმებლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
მანვე აღნიშნა, რომ როდესაც საქართველოში პირველი „ლოკდაუნი" მოხდა, მთელს მსოფლიოში იგივე პროცესი მიმდინარეობდა და თვალში მოსახვედრი არ იყო, მაგრამ ახლა რომ მოხდეს, საკმაოდ რთული იქნება.
„პრემიერ-მინისტრმა რამდენჯერმე აღნიშნა და ჩვენ სავსებით ვეთანხმებით იმაში, რომ „ლოკდაუნი" აღარ განხორციელდება, იმიტომ რომ ჩვენი ეკონომიკა ამას ვეღარ გადაიტანს. ეს, ალბათ, ძალიან მტკივნეული იქნება კონკრეტულად ჩვენი საწარმოსთვისაც, იმიტომ რომ როდესაც საქართველოში პირველი „ლოკდაუნი" მოხდა, მთელს მსოფლიოში იგივე პროცესი მიმდინარეობდა და თვალში მოსახვედრი საქართველოს სიტუაცია არ იყო, მაგრამ ახლა რომ მოხდეს, საკმაოდ რთული იქნება. ასევე, ყურადსაღები ფაქტია ის, რომ პირველ ეტაპს, საქართველომ თავი ძალიან კარგად გაართვა და მსოფლიოს ბრენდებისგან დიდი ნდობა მიიღო. ხაზს ვუსვამ, რომ კონკრეტულად ჩვენს შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანი შეკვეთები წამოვიდა ნაცვლად იმ ქვეყნებისა, როგორიც არის შუა აზიის ქვეყნები, იორდანია და ეგვიპტე. მათი შეკვეთები, ფაქტობრივად, საქართველოში წამოვიდა, რაც საფუძველი გახდა იმის, რომ უკვე მე-4 საწარმოს მშენებლობა დავიწყეთ ქალაქ რუსთავში. თუ „ლოკდაუნი" მოხდება, ჩვენ არ ვსაუბრობთ ფინანსურ ზარალზე, ჩვენთვის მთავარია, რომ ის დიდი ნდობა, რომელიც ჩვენს ქვეყანას და ჩვენს კომპანიას აქვს, ამ შემთხვევაში, ისეთი დამკვეთებისგან, როგორიც არის „ნაიკი" და „ადიდასი", შევინარჩუნოთ და გავაგრძელოთ იმ ტენდენციით, როგორიც არის დაგეგმილი", - განაცხადა „აჭარა ტექსტილის" დირექტორმა.
ლომინაძემ აღნიშნა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი ძალიან ბევრ შეღავათზე იყო, მათ შორის საშემოსავლო გადასახადზე.
„საშემოსავლო გადასახადი ჩვენი კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ჩვენთან დასაქმებულებს, ძირითადად, აქვთ 1500 ლარამდე ხელფასი და შესაბამისად, ეს ძალიან დიდ პოზიტიურ ეფექტს მოახდენს. ასევეა, მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც დღეს გამახვილდა ყურადღება, ესაა პრივატიზების საკითხი. თუ ჩვენ გვსურს, რომ უცხოური ინვესტიციები მოვიზიდოთ, პრივატიზების საკითხის უფრო გამარტივება და რეგულაციების გამარტივება, შესაბამისად, უფრო მომხიბვლელი იქნება სხვადასხვა კომპანიებისთვის, ვინც საქართველოს მიზნობრივ ბაზრად განიხილავს.
პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა მზაობა, რომ ნებისმიერი პროექტი, თუნდაც ძალიან მცირე პროექტი სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერილი იქნება. თუ რამე შეფერხებები არსებობდა ამ მხრივ, გარკვეული ჯგუფები იმუშავებენ იმისთვის, რომ ეს შეფერხებები არ არსებობდეს და ძალიან მარტივად შევძლოთ ნებისმიერი პროექტის განხორციელდება. აქ არის საუბარი გამარტივებაზე, რომ უფრო მიმზიდველი გახდეს ინვესტორებისთვის. საქართველოში არსებულმა ბიზნესებმა ვიცით, თუ რა ხდება, როგორ უნდა ვიმოქმედოთ, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში არსებული რეგულაციები მომხიბვლელი რომ იყოს უცხოელებისთვის და პოტენციური ინვესტორებისთვის, შესაბამისად, მისი გამარტივება უფრო უკეთესი იქნება. ფოთის საწარმო, ალბათ ყველამ იცით, რომ დაფიქსირდა გარკვეული ინფიცირების შემთხვევები, დროებით შეჩერდა. ვმუშაობთ საქართველოს მთავრობასთან და უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან, თუ როგორ მოხდება შემდეგ განახლება, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ახლო პერიოდში შევძლებთ განახლებას და 1200 თანამშრომელი დაუბრუნდება თავის სამუშაო ადგილს. პრემიერ-მინისტრმა გვითხრა, რომ მაქსიმალურად ვიფიქროთ ახალ ხელშეკრულებებსა და კონტრაქტებზე, ახალ პროექტებზე, რაც საქართველოს ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს", - აღნიშნა ლომინაძემ.