ცესკოს არჩევნები გაუძვირდა - მოითხოვს თუ არა კომისია არჩევნების ჩატარებისთვის ბიუჯეტიდან დამატებითი თანხის გამოყოფას

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იმაზე მეტი თანხის დახარჯვა მოუწევს, ვიდრე თავდაპრველად იყო დაანონსებული.

თუმცა როგორც ცესკო-ში ,,ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებენ, ეს მოხდება კომისიის ბიუჯეტიდან. შესაბამისად, დამატებითი დაფინანსების მოთხოვნა ჯერჯერობით დღის წესრიგში არ დგას.

ცნობისათვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის დაფინანსება 42,760,652 ლარით არის განსაზღვრული. თუმცა იმის გამო, რომ საარჩევნო უბნები შესაძლოა, საკარანტინე ზონებთან და ასევე კოვიდ-სასტუმროებთანაც განთავსდეს, ეს თანხა გაიზრდება. უწყებაში ამბობენ, რომ დამატებითი თანხის მობილიზება სხვადასხვა პროგრამული კოდების გადანაცვლებით მოხდება.

,, 2020 წლის არჩევნებისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბიუჯეტი 72 მლნ ლარია. აქედან 42 მლნ ლარი იყო საპარლამენტო არჩევნების ორგანიზება-ჩატარების თანხა, სადაც შედის როგორც პოლიტიკური საარჩევნო სუბიექტების დაფინანსების, ასევე სარეკლამო ღირებულება, ასევე 42 ათასზე მეტი კომისიის წევრის ანაზღაურება და სხვა.

პანდემიიდან გამომდიონარე გარკვეული ხარჯები გაიზარდა, თუმცა არ გასცდენია ცესკოს მთლიანი ბიუჯეტის მოცულობას, 72 მლნ ლარს, მხოლოდ სხვადასხვა პროგრამული კოდების ცვლილება მოხდა. ამ ეტაპზე არ დაგვიმუშავებია ინფორმაცია, რა კომპონენტებიდან მოხდა თანხის მობილიზება, თუმცა დანამდვილებით შეგვიძლია გითხრათ, რომ არ გავცდენივართ 72 მლნ-ს. ჩვენ ამ ეტაპზე არ მოგვითხოვია დამატებითი თანხა და პირველი ტურის ფარგლებში არც იქნება მსგავსი საჭიროება.

რაც შეეხება მეორე ტურს, საჭირო დაფინანსებას ცესკო აუცილებლად მოითხოვს ბიუჯეტიდან იმის მიხედვით, თუ რამდენ ოლქში გახდება საჭირო მეორე ტური“- განუცხადეს ,,ბიზნესპრესნიუსს“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

ცნობისთვის, სტაციონარში მყოფი კოვიდ-ინფიცირებულები და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლები ხმის მიცემას საარჩევნო კომისიის ფუნქციების მქონე სპეციალური ჯგუფების მომსახურებით შეძლებენ, კერძოდ ცესკო მუნიციპალიტეტებში საოლქო-საარჩევნო კომისიების მოქმედების საზღვრებში შექმნის არანაკლებ 1 საარჩვენო უბანს და დააკომპლექტებს სპეციალურ ჯგუფებს, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებებსა და საკარანტინე სივრცეებში მყოფ ამომრჩეველთან საარჩევნო ყუთის მიტანას უზრუნველყოფენ.

თამარ მუკბანიანი