ვირუსი Covid-19, ისევე როგორც ებოლა და ა.შ. ადამიანებს ცხოველებისგან შეეყარა. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერები უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინის შესაქმნელად იბრძვიან, დღევანდელი მოცემულობით ასობით ათასი ადამიანი გარდაიცვალა.
რაშია გამოსავალი? მეცნიერებმა უფრო შორს გახედვა გადაწყვიტეს. მართალია, Covid-19-ის ვაქცინა შექმნილი არ არის, მაგრამ გადამწვარი ტყეებისა და მსოფლიოს ლანდშაფტის, კლიმატის ცვლილების გამო, არსებობს რეალური საშიშროება, რომ ახალი უცნობი ვირუსები გავრცელდეს. სწორედ ამიტომ, წამყვანმა მეცნიერებმა პათოგენების მქონე გარეული ცხოველების ვაქცინაციის შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება.
როგორც Forbes-ი წერს, ასიათასობით გარეულ ცხოველს ვაქცინის ჩასატარებლად, მეცნიერები იყენებენ ვირუსების ინფექციურ ძალას. უვნებელი ვირუსებისგან ისეთ ვაქცინას ქმნიან, რომლებსაც ადამიანის დაინფიცირება არ შეუძლიათ. მკვლევარები ფიქრობენ, რომ მათ შეუძლიათ უსაფრთხოდ და ეფექტურად მოახდინონ გარეული პოპულაციების ინოკულაცია და შეამცირონ რისკი.
იმის პროგნოზირება, თუ რომელი ვირუსი გამოიწვევს შემდეგ პანდემიას, შეუძლებელია, მაგრამ პირველი ეტაპისთვის კარგი არჩევანია დაავადებები, რომლებიც ადამიანებში მცირე მასშტაბით “ფეთქდება.“
მაგალითად, დასავლეთ აფრიკაში, ლასას ცხელება ყოველწლიურად ათასობით ადამიანს კლავს. ვირუსი ვირთხებისგან ვრცელდება, თუმცა ძნელად ვრცელდება ადამიანიდან მეორე ადამიანზე. არავინ იცის, შეიძლება ეს მონაცემიც შეიცვალოს.
”ეს არის დროებითი ბომბი. შესაძლოა, ვირუსმა მუტაცია განიცადოს და ადამიანიდან ადამიანზეც გავრცელდეს. ჩვენ კიდევ ერთ პანდემიას მივიღებთ“- განაცხადა აიდაჰოს უნივერსიტეტის ბიოლოგმა სკოტ ნუისმერმა.
მიმდინარე წლის დასაწყისში, ნუისმერმა და მისმა კოლეგამ ჯეიმს ბულმა გამოაქვეყნეს ნაშრომი ჟურნალში Nature Ecology and Evolution, სადაც წარმოდგენილია მათემატიკური მოდელი, თუ როგორ უნდა შეიქმნას ვაქცინები, რომლებიც შეიძლება გავრცელდეს ველურ პოპულაციებში.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტომ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით ენოტებისა და მელას აცრები უკვე დაიწყო. მაგრამ პროგრამას ერთი ნაკლი აქვს, გარკვეული სახეობები, მაგალითად, ღამურები ამ სატყუარით არ ტყუვდებიან.
როგორ შევაჩეროთ ცოფი ღამურებში
პატარა “ვამპირებში“ ანუ ღამურებში ცოფის გავრცელებას მეცნიერი დენიელ სტრეიკერი სწავლობს.
”ეს არის პრობლემა მთელ ლათინურ ამერიკაში. საკმაოდ დიდია შეშფოთება იმის გამო, რომ ღამურები შესაძლოა, სამხრეთ ამერიკიდან შეერთებულ შტატებში გადავიდნენ. გარდა იმისა, რომ მეცხოველეობას ათობით მილიონი დოლარის ზიანი მიადგა, ღამურები ზოგჯერ ადამიანებს კბენენ, ცოფით აინფიცირებენ.“- განაცხადა გლაზგოს უნივერსიტეტის ეკოლოგმა.
დღემდე, ათწლეულების განმავლობაში ღამურებში ცოფის კონტროლი ბარტყების შხამით მოკვლას ნიშნავდა. იმის გამო, რომ ღამურები სატყუარასთან არ მიდიან, მკვლევარები მათ იჭერდნენ და ბეწვში შხამის გელს აყრიდნენ. ამის შემდეგ ცხოველებს უშვებდნენ, ღამურები შხამს ერთმანეთს გადასცემდნენ და გარდაუვალი სიკვდილიც დგებოდა.
ღამურების მოკვლამ ცოფის შემთხვევები ვერ შეამცირა.
იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად კარგად შეიძლება პერორალურმა ვაქცინამ შეაღწიოს ღამურების კოლონიაში, სტრეიკერმა გააკეთა ტესტი, ვაქცინა საღებავში გაურია. საღებავის ჭამის შემდეგ, ღამურების ბეწვი ნარინჯისფრად გაბრწყინდებოდა. ამით დამტკიცდა, რომ ვაქცინამ ღამურების დაახლოებით 80-90%-ში შეაღწია. სასიხარულო ფაქტია, რომ ვაქცინის წარმატებით გავრცელება შესაძლებელია ამ მეთოდის გამოყენებით.
მუტირებული ჰერპესი ყველას გადაგვარჩენს, ანუ როგორ უნდა გახდეს უსაფრთხო თვითგამმრავლებელი ვაქცინები
საბედნიეროდ, მოლეკულურ ბიოლოგებს აქვთ იარაღები, რომლებიც ქმნიან ძალიან უსაფრთხო ვაქცინას. ყველა ვირუსს არ შეუძლია სახეობებს შორის გავრცელება. გამოსავალი ჰერპესის ვირუსია.
ვაქცინის შესაქმნელად, მეცნიერები დაავადებული ცხოველისგან აიღებენ გენომის ნაწილს, რომელიც ასტიმულირებს იმუნურ სისტემას. გაურევენ ამ ნაწილს ჰერპესის ვირუსში და წარმოიქმნება უვნებელი ვირუსი, რომელიც სწრაფად ვრცელდება ცხოველებში. როდესაც ამ გამოყვანილი ვირუსით ცხოველები ინფიცირდებიან, ისინი ქმნიან ანტისხეულებს დაავადებასთან საბრძლოველად, რაც საბოლოოდ ნიშნავს, რომ ცხოველებს შეუძლიათ ებრძოლონ ინფექციას ისე, რომ არ გადასდონ ადამინებს.