კარლ ჰარცელი - ევროკავშირი სიამაყით უჭერს მხარს ბათუმის ავტოპარკის ელექტროავტობუსებით განახლების პროცესს

რვა ელექტროავტობუსი, რომლებიც შეძენილია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის საპარტნიორო ფონდის (E5P) დახმარებით, უკვე ბათუმშია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ახალი ავტობუსების მეშვეობით გაუმჯობესდება ქალაქის მცხოვრებლებისა და სტუმრების მომსახურების დონე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სანდოობის, უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის ამაღლებისა და ამავე დროს გამონაბოლქვის შემცირების გზით, რაც ხელს შეუწყობს გარემოს გაჯანსაღებას. დაბალი იატაკის მქონე ავტობუსებით სარგებლობა გაუადვილდება ყველა მგზავრს, მათ შორის ხანდაზმულებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და მშობლებს საბავშვო ეტლებით.

“ევროკავშირი სიამაყით უჭერს მხარს ბათუმის ავტოპარკის ელექტროავტობუსებით განახლების პროცესს. აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის საპარტნიორო ფონდის (E5P) საშუალებით ევროკავშირის მიერ გამოყოფილი გრანტის წყალობით, ბათუმელებს, პირველად სამხრეთ კავკასიაში, ეძლევათ შესაძლებლობა ისარგებლონ ხმაურისა და გამონაბოლქვის გარეშე მომუშავე ელექტროავტობუსებით. ევროკავშირის გრძელვადიანი მხარდაჭერა საქალაქო ტრანსპორტის მოდერნიზაციის კუთხით მდგრადი მწვანე განვითარების ხელშეწყობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, ჰაერის დაბინძურებისა და სათბური აირების ემისიების შემცირების მეშვეობით. ელექტროავტობუსების ქალაქისათვის გადაცემა უკავშირდება ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ აღებულ ვალდებულებას გააუმჯობესოს საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და პარკირების სისტემები ახალი ავტობუსების მაქსიმალური გარემოსდაცვითი ეფექტის გამოსავლენად“, - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა.

როგორც EBRD-ის რეგიონალურმა დირექტორმა კავკასიაში, კატარინა ბიორლინ ჰანსენმა განაცხადა, ეს მნიშვნელოვანი ეტაპია - EBRD-ს მხარდაჭერით განხორციელებული ელექტროავტობუსების პირველი პროექტია ყველა იმ ქვეყანას შორის, სადაც EBRD ოპერირებს. „ეს მართლაც ინსპირაციული პროექტია, რომლის განხორციელებას სხვა ქვეყნებშიც მოუთმენლად ველით. პროექტი ხელს შეუწყობს ჰაერის დაბინძურების შემცირებას და უფრო სუფთა და უსაფრთხო გადაადგილების საშუალებას მისცემს ადგილობრივ მოსახლეობასა და ვიზიტორების მზარდ ნაკადს. ვიმედოვნებთ, რომ კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ გარემოსა და საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გასაუმჯობესებლად”, - განაცხადა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, ავტობუსები შეძენილია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ საქართველოსთვის უზრუნველყოფილი 5.5 მილიონი ევროს მოცულობის სუვერენული სესხით, რომელიც გადაეცემა ქალაქ ბათუმს, კერძოდ, მუნიციპალურ კომპანიას შპს ბათუმის ავტოტრანსპორტს, და E5P ფონდის მიერ გაცემული 4 მილიონი ლარის (1.5 მილიონი ევროს) ოდენობის გრანტის ფარგლებში, ბათუმის არსებული ავტოპარკის გარემოსაცვითი და საოპერაციო შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად.

„პროექტი წარმოადგენს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) „მწვანე ქალაქების“ პროგრამის ნაწილს, რომელიც ხელს უწყობს მუნიციპალურ „მწვანე“ ინვესტიციებს და რომელიც ხელმისაწვდომია ყველა იმ ქვეყნისთვის, სადაც ოპერირებს ბანკი. პროექტის ფარგლებში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ასევე გამოყო 0.8 მილიონი ევრო ბათუმის მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმის მოსამზადებლად, კორპორატიული განვითარებისა და დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობის პროგრამების განსახორციელებლად. მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმა შემუშავდა საერთაშორისო კონსულტანტების დახმარებით და დამტკიცდა ბათუმის საკრებულოს მიერ 2020 წლის 16 ოქტომბერს.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) არის საქართველოში ყველაზე მსხვილი ინსტიტუციური ინვესტორი. ქვეყანაში საქმიანობის დაწყებიდან დღემდე ბანკმა განახორციელა 4.11 მილიარდ ევროზე მეტი მოცულობის ინვესტიცია 258 პროექტში, რომლებიც შეეხება ფინანსური, კორპორატიული, ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული სექტორების განვითარებას. ინვესტიციების 80% კერძო სექტორს მოხმარდა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.