თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ახალი მარშრუტი დგინდება, იმისთვის, რომ არ მოხდეს მარშრუტების დუბლირება და ავტობუსის, მიკროავტობუსისა და მეტროს გადაადგილება ერთმანეთთან თანხვედრაში მოდიოდეს. დედაქალაქის მერის განმარტებით, ის თუ როგორ შეიცვლება თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, საზოგადოებას დეტალურად პარასკევს წარედგინება.
„ჩვენ ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, ძალიან ბევრი კარგი ნაბიჯი გადავდგით, მნიშვნელოვანი ქალაქისთვის, იმისთვის, რომ ადამიანებს გავუმარტივოთ ქალაქში გადაადგილება, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა. ეს განპირობებულია ახალი ავტობუსების შემოყვანით, ახალი მიკროავტობუსების ყიდვით, ასევე, მთლიანად ვაკეთებთ ახალი მარშრუტების დადგენასაც იმიტომ, რომ არის შემთხვევები, როდესაც დუბლირება ხდება მიკროავტობუსის, ავტობუსის მეტროსთან მიმართებით. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, დარეგულირებული და მოწესრიგებული იქნება და პარასკევს გვინდა, თბილისის მოსახლეობას გავუკეთოთ პრეზენტაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება ახალი მარშრუტები. გვექნება სრული პრეზენტაცია, რა ნომრები შემოდის, რა მიმართულებით იმოძრავებს. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ადამიანებს გავუჩინოთ კომფორტი, ადამიანებმა შეძლონ ახალი ავტობუსებით მგზავრობა და ყველაზე მთავარი ის არის, რომ ავტობუსი მიკროავტობუსთან უნდა მოდიოდეს თანხვედრაში, ასევე მეტროსთან. შესაბამისად, ეს ყველაფერი წარმოდგენილი იქნება პარასკევს, რაც, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის,“- განაცხადა კახა კალაძემ.