დღეიდან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სხვა ქვეყნიდან ჩამოვლენ და გავლილი ექნებათ PCR ტესტირება, კარანტინის ნაცვლად, თვითიზოლაციაში გადავლენ

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, დღეიდან, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სხვა ქვეყნიდან ჩამოვლენ და გავლილი ექნებათ PCR ტესტირება, კარანტინის ნაცვლად, თვითიზოლაციაში გადავლენ. აღნიშნულთან დაკავშირებით მეზვრიშვილმა უწყებათშორისი საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„დღეიდან ძალაში შედის წესი, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში შემოვლენ, PCR ტესტის ფლობის შემთხვევაში გადავლენ თვითიზოლაციაში, ნაცვლად კარანტინისა. ამ საკითხთან დაკავშირებითაც იყო გარკვეული სპეკულაციები და სიმართლე გახლავთ შემდეგი, ეს ადამიანები, რომლებიც შემოვლენ PCR ტესტებით და ეს ეხება ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსულ საქართველოს მოქალაქეს, აქ არ იგულისხმება მხოლოდ ის ქვეყნები, რომლებთანაც ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე გვაქვს ურთიერთობა, ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსული საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც ტესტი ექნებათ, ეს მოქალაქეები წავლენ თვითიზოლაციაში ნაცვლად კარანტინისა“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.