საქართველო Zara-ს გლობალურ საიტზე ჩაერთო - რას ნიშნავს ეს

21 ოქტომბრიდან საქართველო Zara-ს გლობალურ საიტზე ჩაერთო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დღეიდან ამ საიტის მეშვეობით უკვე შესაძლებელია ონლაინ-შოპინგი საქართველოდან.

რითეილ გრუპ ჯორჯიას ინფორმაციით, Zara.com-ზე 21 ოქტომბრიდან საქართველოდან შესულ მომხმარებლებს ექნებათ წვდომა ბრენდის სრულ კატალოგზე. ქალის, მამაკაცისა და ბავშვის მუდმივად განახლებადი კოლექციების შეძენა შესაძლებელი იქნება ZARA-ს აპლიკაციისა და zara.com ვებ-გვერდის საშუალებით და მიწოდება განხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით.

“თანამედროვე მსოფლიო გამოწვევების პასუხად ონლაინ შეძენის ინტერესი და მასზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება. საქართველოში ონლაინ გაყიდვების დაწყება ბრენდის გლობალური სტრატეგიის ნაწილია. ZARA მის ერთგულ მომხმარებლებს სთავაზობს როგორც სრულიად განსხვავებულ შესყიდვის გამოცდილებას, ასევე ხელმისაწვდომობას ბრენდის სრულ კატალოგზე, მათ შორის იმ მოდელებზეც, რომლებიც კონკრეტულ პერიოდში საქართველოს მაღაზიებში არ არის წარმოდგენილი. ვიცით, რომ ZARA-ს მომხმარებლები ამ შესაძლებლობას სულმოუთმენლად ელოდნენ და, იმედი გვაქვს, გავახარებთ ამ სიახლით”, - აცხადებენ რითეილ გრუპ ჯორჯიაში, რომელიც ZARA-ს ექსკლუზიური ფრენშაიზ პარტნიორია საქართველოში.

Zara, მსოფლიოს უმსხვილესი ტანსაცმლის საცალო ვაჭრობის ჯგუფის წარმომადგენელი 96 ქვეყანაში ოპერირებს, ხოლო ონლაინ შეძენის სერვისი 64 ქვეყანაშია ხელმისაწვდომი. საქართველო პირველია ამიერკავკასიის ქვეყნებს შორის, სადაც ამ სერვისის დანერგვა შესაძლებელი გახდა.

Retail Group Georgia, Alhokair Fashion Retail-ის ჯგუფის წევრი კომპანია ZARA-სთან ერთად საქართველოში ოპერირებას უწევს Inditex ჯგუფში შემავალ დანარჩენ ბრენდებს: Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Pull & Bear, Oysho, Zara Home.

როგორც ცნობილია, Inditex-მა ონლაინ-შოპინგის მიმართულებით ახალი გეგმა წელს გაახმოვანა. ამ გეგმის მიხედვით, ონლაინ გაყიდვებმა 2022 წლისთვის მთლიანი გაყიდვების 25% უნდა შეადგინოს, 2019 წელს ეს მაჩვენებელი 14% იყო. მეტიც, Inditex-ის დამფუძნებელი ამანსიო ორტეგა 2022 წლისთვის ონლაინ გაყიდვების მიმართულებით 1 მლრდ ევროს დახარჯვას გეგმავს. ასევე 1,7 მლრდ ევროს დახარჯავს მაღაზიების ვებ-გვერდებისთვის.