კახა კალაძის განცხადებით, ვაკეში, ზონალურ საათობრივი პარკირების პროექტთან დაკავშირებით, საინფორმაციო ჯიხურები განთავსდება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ვაკეში კონკრეტულ ადგილებზე, ზონალურ საათობრივი პარკირების პროექტთან დაკავშირებით, საინფორმაციო ჯიხურები განთავსდება. როგორც მან თბილისის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ვაკეში კონკრეტულ ქუჩებზე ზონალურ საათობრივი პარიკირების პროექტის განხორციელება იწყება.

„ეს ნაწილია ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის. კონკრეტულ რაიონებში ამ პროექტის განხორციელება დავიწყეთ და საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს. ბევრი ადამიანი სარგებლობს და მადლობა მინდა თბილისის მოსახლეობას გადავუხადო მხარდაჭერისთვის. ესეც მიმართულია იმისთვის, რომ ტრანსპორტით გადაადგილება იყოს მოწესრიგებული.

თქვენ იცით, რომ ჭავჭავაძის, ფალიაშვილის, აბაშიძის ქუჩის კვეთებზე და ამ ქუჩებზე პარკირებაზე შემოდის ზონალურ საათობრივი პროექტის განხორციელება. ადგილობრივი მოსახლეობისთვის პარკირება იქნება უფასო, ასევე უფასო იქნება შშმ პირთათვის, ელექტრომობილები ვისაც ჰყავს, ასევე A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის, გამოყოფილი იქნება შესაბამისი ადგილები, დანარჩენ შემთხვევაში გადასახადი იქნება 1 ლარი - საათი, პირველი 15 წუთი იქნება უფასო, რადგან ვაძლევთ ადამიანებს იმის შესაძლებლობას, რომ ვიღაცამ უცბად გააჩეროს, მაღაზიაში მოუწიოს შესვლამ, აფთიაქში და ა.შ,“- განაცხადა კახა კალაძემ.