შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, "კოვიდ 19"-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, დედაქალაქში მეტროსადგურების მონიტორინგს აქტიურ რეჟიმში განაგრძობენ. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პატრულ-ინსპექტორები მობილიზებული არიან თბილისში არსებულ ყველა მეტროსადგურთან და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მეტროსადგურში შემსვლელი პირების მიერ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქმედი წესების დაცვას და პირბადეების სწორად ტარებას აკონტროლებენ. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დადგენილი წესებისა და რეკომენდაციების დაცვის მონიტორინგს მეტროსადგურების შიდა ტერიტორიაზეც ახორციელებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან სოციალური დისტანცია, სწორად ატარონ პირბადე და დაემორჩილონ პოლიციელთა მითითებებს.