,,ბიზნესი, უბრალოდ, ვერ უძლებს ამ გარემოს“ - ბიზნეს დისტრიბუტორთა ასოციაცია ლარის გაუფასურებაზე

გაუფასურებული ეროვნული ვალუტის პირობებში, მსყიდველუნარიანობა იმდენად შემცირებულია, რომ ბაზარზე მხოლოდ პირველადი დანიშნულების საგნების და პროდუქციის რეალიზაცია ხდება. ამის შესახებ, ,,ბიზნესპრესნიუსს“ ბიზნეს დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა განუცხადა.

ივა ჭყონია ამბობს, რომ ფასები იმდენად იზრდება, რომ პროდუქცია არ იყიდება. ამ პირობებში კი, რა ბედი ელით კომპანიებს, ამის მაგალითი ,,ლოიდლის“ დახურული საწარმოა.

,,ბიზნესი, უბრალოდ, ვერ უძლებს ამ გარემოს. ლარი პრობლემა არც სექტემბრის ბოლო გაუფასურებით დაწყებულა და არც ერთი და ორი დღის თემაა, ეს ხდება ბოლო 4-5 წელია. ფასები იზრდება იმდენად, რომ პროდუქცია არ იყიდება. გრძელვადიან პერსპექტივაში, ალბათ, გაზაფხულისთვის დავინახავთ შედეგს, როგორ იმოქმედა ბაზარზე შემოდგომის გაუფასურებამ და რამდენმა კომპანიამ შეწყვიტა საქმიანობა. იმის მაგალითი, თუ რა მოაქვს ბრენდების და კომპანიებისათვის, რომელიც პირველადი დანიშნულების პროდუქტს არ აწარმოებენ, გაუფასურებულ ლარს, არის ,,ლოიდლი“. რომლის საწარმოც საქართველოში დაიხურა. მე მეტ დეტალზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა ყველამ ვიცით ისიც, თუ რა მოხდა და ისიც, თუ რის შედეგად.

ხოლო იმას, როგორ აისახა ფასებზე ბოლო გაუფასურება, დავინახავთ ძალიან მალე, როცა საქსტატი პირველ ნოემბერს გამოაქვეყნებს ინფლაციის მაჩვენებელს და გაძვირებული პროდუქტების სიას. ხალხს უბრალოდ, არ აქვს იმის ფუფუნება, რომ მეორე და მესამე კატეგორიის პროდუქცია შეიძინოს. მოსახლეობის უმეტესობის მთელი რესურსი, პირველადი მოხმარების საგნებსა და საკვებზე მიემართება.

ძალიან მარტივია - სუსტდება ლარი, იზრდება ფასები. არ არსებობს არც სამთავრობო რესურსი და არც სხვა მექანიზმი, რომელიც გაუფასურებული ლარის გამო პროდუქციის გაძვირებას დიდ დროში შეაჩერებს და დააზღვევს. ამის ყველაზე უტყუარი მტკიცებულება სტატისტიკაა.

ამასთან, კომპანიების უმეტესობა საბანკო პროდუქტით სარგებლობდა და ვალდებულებები გასასტუმრებელი აქვთ. მწარმოებელი, იმპორტიორი, სადისტრიბუციო და საცალო რეალიზაციის სექტორი ერთი ჯაჭვია და ყველა პრობლემის წინაშე ვდგებით“, - აცხადებს ივა ჭყონია.

ცნობისთვის, 20 სექტემბერს, ლარი დოლართან მიმართებით 3.07 ლარი ღირდა, 20 ოქტომბრის მდგომარეობით კი 1 აშშ დოლარი 3.21 ლარი ღირს.

თამარ მუკბანიანი