ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გაიხსნა. უნივერსიტეტის რექტორის ალექსანდრე თევზაძის განცხადებით, ამ დროისთვის სასწავლებელში ჩარიცხულია 246 სტუდენტი.
მისი თქმით, სტუდენტებს ასწავლიან ქართველი და უცხოელი პროფესორები. თევზაძის თქმით, უნივერსიტეტმა სტუდენტები სამ ინგლისურენოვან პროგრამაზე მიიღო. როგორც რექტორმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ქართველ სტუდენტებთან ერთად უნივერსიტეტში სწავლობდნენ უცხოელი სტუდენტები, თუმცა პირველ წელს, კოვიდპანდემიის გამო უცხოელი სტუდენტების მიღება მიზანშეწონილად არ ჩათვალეს. მისივე თქმით, ამ მხრივ ვითარების გაუმჯობესების შემთხვევაში უნივერსიტეტი საერთაშორისო რეკრუტირების კონტრაქტის დადებას დაიწყებს.
ალექსანდრე თევზაძის განმარტებით, უნივერიტეტის სტუდენტთა თითქმის 80%-მა სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა, დარჩენილ გადასახადი კი ყველა სტუდენტისთვის უნივერსიტეტის საგრანტო ფონდიდან დაიფარება. მისი თქმით, სწავლის გადასახადი ყველა ახალგაზრდისთვის დაფარულია.
სტუდენტებს უნივერსიტეტში დახვდებათ თანამედროვე სტანდარტების სრულად მოწყობილი სტუდენტური საცხოვრებლები, სტუდიოს ტიპის ოთახები ავტონომიური გათბობისა და გაგრილების სისტემებით, სველი წერტილებით, საძინებლით, სრულად აღჭურვილი სამზარეულოთი და სამეცადინო კუთხით. ოთახები აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, ავეჯით, ყველა საჭირო ინვენტარითა და ინტერნეტის უწყვეტი კავშირით.