ქუთაისის, როგორც საგანმანათლებლო ჰაბის საერთაშორისო დონეზე ცნობადობა, მნიშვნელოვანია, როგორც განათლების, ასევე რეგიონის ეკონომიკური სიძლიერის კუთხით, - ამის შესახებ „ქუთაისის უნივერსიტეტის" რექტორმა და „ევროპის უნივერსიტეტის" დამფუძნებელმა ლაშა კანდელაკიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ქუთაისის როგორც საგანმანათლებლო ჰაბის ცნობადობა საერთაშორისო დონეზე კიდევ უფრო გაიზრდება.
„ჩემთვის როგორც კერძო უნივერსიტეტის დამფუძნებლისთვის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ეს წამოწყება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ქუთაისს, როგორც საგანმანათლებლო ჰაბს, საერთაშორისო დონეზე აქვს ცნობადობა, რომელიც კიდევ უფრო გაიზრდება. როგორც ვიცით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უკვე მიიღო სტუდენტების პირველი ნაკადი და დარწმუნებული ვარ, აქ განათლების მიღების სურვილი სულ უფრო მეტ ახალგაზრდას გაუჩნდება.
სწორედ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობის დაწყება გახდა ჩვენთვის იმის სტიმული, რომ ქუთაისში უნივერსიტეტი შეგვეძინა, რადგან ამ ქალაქს უდაოდ საგანმანათლებლო ქალაქის მომავალი აქვს.
ჩვენ უნივერსიტეტებში უცხოელი სტუდენტების მომართვიანობა ამ ქალაქის და ზოგადად იმერეთის რეგიონის ეკონომიკურ სიძლიერეს და ამ კონტექსტში ტურისტების რაოდენობის ზრდას ნიშნავს. ახლა მთავარია, დავდგეთ გვერდიგვერდ და დავამარცხოთ ვირუსი, რომ შევძლოთ ნორმალურ პირობებში საგანმანათლებლო პროცესის გაგრძელება. მინდა წარმატებები ვუსურვო ამ ახალ უნივერსიტეტს და თითოეულ ჩვენგანს, რაც ძალიან გვჭირდება", - განაცხადა კანდელაკიშვილმა.
ცნობისთვის, დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და მთავრობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აღნიშნულ ინფორმაციას „ევროპის უნივერსიტეტი" ავრცელებს.