„არ არის ჩვენთან ისეთი დღის წესრიგი, რომ პურის ფასზე ვილაპარაკოთ“

„დღეს არ არის ისეთი დღის წესრიგი, რომ პურის ფასზე ვილაპარაკოთ,“ - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“"პურის მცხობელთა ასოციაციის" თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ რუსული საექსპორტო ხორბლის ფასი, კვლავ იზრდება. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში ხორბლის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი რუსეთია, დღის წესრიგში დადგა საკითხი - ხომ არ გამოიწვევს რუსული ხორბლის გაძვირება ფასის ზრდას საქართველოში ფქვილსა და პურზე.

მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელის ლევან სილაგავას თქმით, ქვეყანაში არსებული გარდამავალი მარაგების ამოწურვის შემდეგ, ხორბალი და ფქვილი საქართველოშიც გაძვირდება. თუმცა, პურის მცხობელთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ მიუხედავად ამისა, პურის ფასის ცვლილების საკითხი ამ ეტაპზე ქვეყანაში არ დგას.

„მიმაჩნია, რომ დღეს არ არის ჩვენთან ისეთი დღის წესრიგი, რომ პურის ფასზე ვილაპარაკოთ. ამასთან, პურის ფასის წამდაუწუმ ცვლა - ძალიან არასერიოზულია. რაც შეეხება ფქვილის ფასის ზრდას, მართალია, მსოფლიო ბაზარზე ხორბალზე ფასი გაიზარდა, მაგრამ ისე მნიშვნელოვნად არ გაზრდილა (ბოლო გაზრდის შემდეგ), რომ რამდენიმე ლარით მოიმატოს ფქვილის ფასმა. ბოლო პერიოდში ხორბლის ფასმა ტონაზე, 6-7 დოლარით მოიმატა, რომ გადავიანგარიშოთ ეს არის დაახლოებით, 80 თეთრით ან 1 ლარით მატება ერთ ტომარაზე. ხომ არის შეძენილი ხორბალი, ხომ არის ნაშთები, ხომ არის შესაძლებლობა, რომ ჩვენ არსებული ფასი არ გავზარდოთ,“- განაცხადა დოლიძემ.

თაია არდოტელი