2020 წლის განმავლობაში საქართველოს საბაჟოდან 769896.381 კგ 28 სასაქონლო აგროპროდუქცია გაბრუნდა. ეს კი 2019 წლის 12 თვის მაჩვენებელს თითქმის სამჯერ აღემატება.
2019 წელს, საბაჟო საზღვრიდან 276739 კგ 12 სასაქონლო ჯგუფის აგროპროდუქცია დაუბრუნეს ექსპორტიორ ქვეყნებს. რადგან წელი ჯერ არ დასრულებულა, მეტად სავარაუდოა, რომ მონაცემი კიდევ უფრო გაიზარდოს.
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ ,,ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ გაბრუნების მიზეზი ფიტოსანიტარული კონტროლის დროს აღმოჩენილი დარღვევები გახდა. ექსპორტიორ ქვეყნებს, სადაც საბაჟოდან პროდუქცია გაბრუნდა 2020 წელს აზერბაიჯანი, ირანი, ინდონეზია, სომხეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი და თურქმენეთი დაემატა. 2019 წელს კი ჩამონათვალში მხოლოდ თურქეთი, რუსეთი, ვიეტნამი იყო.
,,გაცნობებთ, რომ 2019 წელს უკან გაბრუნებას დაექვემდებარა ხილისა და ბოსტნეულის 12 სასაქონლო პარტია (სულ - 276739 კგ) შემდეგი ექსპორტიორი ქვეყნებიდან: თურქეთი, რუსეთი, ვიეტნამი. უკან გაბრუნების მიზეზი გახდა ფიტოსანიტარიული სასაზღვრო კონტროლის დროს (მცენარეთა სიჯანსაღის კონტროლი; ლაბორატორიული კვლევა) გამოვლენილი დარღვევები - საკარანტინო მავნე ორგანიზმების (კარტოფილის რგოლური სიდამპლის გამომწვევი, კარტოფილის კიბოს გამომწვევი, მენაღმე ჩრჩილი) არსებობა პროდუქტში.
2020 წელს უკან გაბრუნებას დაექვემდებარა აგრო პროდუქტების (ხილი, ბოსტნეული) 28 სასაქონლო პარტია (სულ 769896.381) კგ შემდეგი ექსპორტიორი ქვეყნებიდან: თურქეთი, რუსეთი, თურქმენეთი, აზერბაიჯანი, ირანი, ინდონეზია, სომხეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი. უკან გაბრუნების მიზეზი გახდა ფიტოსანიტარიული სასაზღვრო კონტროლის დროს გამოვლენილი დარღვევები - დოკუმენტური შეუსაბამობა, არა დამაკმაყოფილებელი მცენარეთა სიჯანსაღე, საკარანტინო მავნე ორგანიზმების (კარტოფილის რგოლური სიდამპლის გამომწვევი, კარტოფილის მურა სიდამპლის გამომწვევი, კარტოფილის კიბოს გამომწვევი, მენაღმე ჩრჩილი) არსებობა პროდუქტში, ასევე, საბაჟო კონტროლის შედეგად გამოვლენილი შეუსაბამობები“-განუცხადეს ,,ბიზნესპრესნიუსს“ საბაჟო დეპარტამენტში.
ცნობისათვის, 2020 წლის მონაცემი არასრულია და წლის ბოლომდე შესაძლოა, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზარდოს.