რუსეთის დუმამ პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც ფიზიკური პირებისთვის საშემოსავლო გადასახადის 13%-დან 15%-მდე ზრდას გულისხმობს და შეეხება მხოლოდ მათ, ვისი შემოსავალიც წელიწადში 5 მილიონ რუბლზე მეტია.
კანონპროექტის ინიციატორი თავად ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინია და მის ამ ინიციატივას უკვე უწოდეს „გადასახადი მდიდრებისთვის“.
იგეგმება, რომ საშემოსავლო გადასახადის გაზრდილი განაკვეთი მაღალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის რუსეთში ძალაში მომავალი წლის 1 იანვრიდან შევა და შეეხება ფიზიკური პირების შემოსავლის მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც წლიურად 5 მილიონ რუბლს გადააჭარბებს, რაც დაახლოებით 65 ათასი დოლარია.
ზაფხულში, როცა პუტინი საშემოსავლო გადასახადის ზრდის ინიციატივით გამოვიდა, თქვა, რომ ბიუჯეტის გაზრდილი შემოსავლები ბავშვებში მძიმე და იშვიათი დაავადებების მკურნალობას მოხმარდებოდა. თუმცა, არსებობს ასევე მოსაზრება, რომ ეს თანხა შესაძლოა პანდემიით ყველაზე მეტად დაზარალებული მოსახლეობის სოციალური გასაცემლებისთვის დაიხარჯოს. მოკლედ, რუსეთში ჯერ არავინ იცის, როგორ დაიხარჯება ე.წ. სოლიდარობის გადასახადი, მაგრამ სულ უფრო მეტს საუბრობენ იმაზე, რომ მისი შემოღება შესაძლოა, პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იყოს.