რამდენით გაიზარდა უმუშევართა, თვითდასაქმებულთა რაოდენობა და შემცირდა დაქირავებული მუშახელი - „კორონას“ ეფექტი დასაქმებაზე

2020 წლის მე-2 კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უმუშევართა რიგებს 15,600 ადამიანი შეემატა, რომელთა 11% კაცია, 89% კი – ქალი. ამის შესახებ ინფორმაციას „აისეტის“ კვლევითი ინსტიტუტი ავრცელებს.

ორგანიზაციამ მიმოიხილა კოვიდ 19-ის გავლენები საქართველოში დასაქმების სტატისტიკაზე. ცენტრის შეფასებით, როდესაც 2020 წლის მე-2 კვარტლის (აპრილ-ივნისი) უმუშევრობის სტატისტიკური მონაცემები გამოქვეყნდა, არავის გაჰკვირვებია, რომ ქვეყანაში უმუშევრობის დონე, რომელიც წინა წლებში სტაბილურად მცირდებოდა, მოულოდნელად 2019 წლის მე-2 კვარტალთან შედარებით 0,9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა (უფრო ზუსტად, 11,4%-დან 2019 წლის მე-2 კვარტალში, 12,3%-მდე 2020 წლის მე-2 კვარტალში).

მათივე შეფასებით, ალბათ, ის უფრო გასაკვირია, რომ უმუშევრობის დონე კიდევ უფრო მეტად არ გაზრდილა შეჩერებული ეკონომიკური აქტივობების, მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვებისა და საკარანტინო ღონისძიებების ფონზე. ეკონომიკამ „მხოლოდ“ 43,800 დაქირავებული მუშახელი დაკარგა; დამატებით 9,600 ადამიანი გახდა თვითდასაქმებული, ხოლო 15,600 ადამიანი შეემატა უმუშევართა რიგებს.

„2020 წლის მე-2 კვარტალში უმუშევრობის დონის უმნიშვნელო ზრდა განპირობებულია იმით, თუ როგორ გროვდება უმუშევრობის შესახებ მონაცემები საქართველოში. საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდოლოგიის თანახმად, სამუშაო ძალის კვარტალური გამოკვლევის დროს, რესპონდენტებს უსვამენ შეკითხვებს მათი დასაქმების სტატუსის შესახებ ბოლო 7 დღის განმავლობაში. სტატისტიკის მიზნებისთვის, ადამიანი ითვლება დასაქმებულად, თუ იგი ბოლო 7 დღის განმავლობაში მუშაობდა მინიმუმ 1 საათის განმავლობაში ანაზღაურების სანაცვლოდ, ან საოჯახო მეურნეობაში/ბიზნესში ანაზღაურების გარეშე. ადამიანი ითვლება უმუშევრად, თუ მას ბოლო 7 დღის განმავლობაში 1 საათიც კი არ უმუშავია, აქტიურად ეძებდა სამსახურს ბოლო 4 კვირის განმავლობაში და შეეძლო დაეწყო სამსახური მომავალი 2 კვირის განმავლობაში. ამრიგად, ეს სტატისტიკა, როგორც წესი, ნიღბავს სამუშაო საათების არასასურველ შემცირებას, ანაზღაურების შემცირებას ან ანაზღაურების გარეშე იძულებითი შვებულების აღებას. ამასთანავე, უმუშევრობის დონე შეიძლება გაიზარდოს ორი მიზეზით: შესაძლოა ადამიანმა დაკარგოს სამსახური, ან იმ ადამიანებმა, ვინც ადრე არ ეძებდნენ სამსახურს, გადაწყვიტონ, აქტიურად ჩაერთონ სამსახურის ძიებაში.

აღსანიშნავია, რომ მე-2 კვარტლის უმუშევრობის სტატისტიკა შეიცავს ერთ საინტერესო ფაქტს: 15,600 ”ახალი” უმუშევრიდან, 13,9 ათასი (89%) ქალია და მხოლოდ 1,7 ათასი (11%) კაცია. ამრიგად, 2019 წლის მე-2 კვარტალთან შედარებით, მამაკაცებში უმუშევრობის დონე მხოლოდ 0,1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ქალებში კი – 1,8 პროცენტული პუნქტით.

დასაქმების შესახებ ისტორიული (გრძელვადიანი), კვარტლური მონაცემების უკმარისობის გამო, ძნელია ზემოთ ხსენებული ფაქტის ახსნა. ამგვარი ტენდენცია შეიძლება გამოწვეული იყოს მონაცემთა გარკვეული თავისებურებით. მაგალითად, დასაქმებულთა და უმუშევართა რიცხვი შეიძლება მნიშვნელოვნად შეიცვალოს კვარტლიდან კვარტლამდე (სამუშაოების სეზონური ხასიათის გამო) ან სხვადასხვა წლების ერთსა და იმავე კვარტლებს შორის (ეკონომიკის სტრუქტურაში ცვლილებების გამო). ჩვენი მიზნებისათვის, 2019 და 2020 წლების მე-2 კვარტლების შედარება გამორიცხავს სეზონურობის ეფექტს, მაგრამ ვერ გამორიცხავს იმას, რომ ქალების უფრო მაღალი წილი უმუშევრებში შეიძლება იყოს გამოწვეული COVID-19-ის გარდა, სხვა მიზეზებით. ამის მიუხედავად, ცხადია, რომ ქალებში უმუშევრობის დონე, რომელიც მცირდებოდა წინა კვარტლებში, პანდემიის პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ამავდროულად, მონაცემების თანახმად, 2020 წლის საანგარიშო პერიოდში თვითდასაქმებულთა რიგები ძირითადად ქალებით შეივსო (9,600 დამატებითი თვითდასაქმებულიდან 9,100 (95%) ქალი იყო). კიდევ უფრო საგულისხმოა ის, რომ 43,800 უმუშევრად დარჩენილი დაქირავებულიდან 99% ქალია. 2019 წლის მე-2 კვარტალთან შედარებით, 2020 წელს 43,4 ათასით ნაკლები ქალია და 0,4 ათასით ნაკლები კაცია დაქირავებული.

თუ თავს დავანებებთ მონაცემების თავისებურებებს, როგორ უნდა ავხსნათ ქალებსა და მამამაკაცებს შორის პანდემიის დროს დაქირავებით დასაქმებაში ამხელა სხვაობა?

სავარაუდოდ, პანდემიის შედეგად დაზარალდნენ ის სექტორები, სადაც უმეტესად ქალები იყვნენ დასაქმებულნი. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ძნელია, ზუსტად შევაფასოთ ეკონომიკური აქტივობების შეჩერების გავლენა ეკონომიკაზე, სამართლიანი იქნება, თუ ვიტყვით, რომ ყველაზე მეტად დაზარალდა მომსახურების სექტორი (მაგ. სასტუმროებმა და რესტორნებმა ან შეწყვიტეს მუშაობა ან მკაცრად შეზღუდულნი იყვნენ თავიანთ საქმიანობაში; მომსახურების სხვა სექტორები (მაგ. საცალო ვაჭრობა, რომელიც, ძირითადად, საჭიროებს პირისპირ ურთიერთქმედებას), მეტწილად შეჩერებული იყო). ხოლო ტრანსპორტმა (გადაზიდვებმა), მშენებლობამ და სოფლის მეურნეობამ, შეზღუდულად, მაგრამ განაგრძეს მუშაობა. 2018 წლის დასაქმების სტატისტიკის (საქსტატის ბიზნეს სტატისტიკა) თანახმად, პანდემიით ყველაზე მეტად დაზარალებული სექტორები სწორედ ის სექტორებია, სადაც უმეტესწილად ქალები არიან დასაქმებულნი. ეს სექტორებია: განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (54% ქალი, 46% მამაკაცი); ხელოვნება, გართობა და დასვენება (47% ქალი, 53% მამაკაცი); სხვა მომსახურეობები (56% ქალი, 44% მამაკაცი). ამ სექტორებში ქალების დასაქმება ბიზნეს სექტორის საშუალოზე (40% ქალი და 60% კაცი) უფრო მაღალია. 2018 წელს, ზემოთ აღნიშნულ სექტორებში სულ 37,900 ქალი მუშაობდა. აქედან 24,700 ქალი დასაქმებული იყო განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების სექტორში. ქალებში უმუშევრობის დონის ზრდის კიდევ ერთი მიზეზი შესაძლოა იყოს შინამოსამსახურეებზე მოთხოვნის შემცირება. შინამოსამსახურეები კი ძირითადად ქალები არიან (დაახლოებით 99%, 2019 წლის მონაცემებით). სავარაუდოდ, პანდემიამ უმუშევრად დატოვა დამლაგებლები, მზარეულები და ძიძები, რამაც გამოიწვია ის, რომ „ახალ“ უმუშევრებს შორის 89% ქალია.

რატომ არის ეს საკითხები მნიშვნელოვანი? ეკონომიკური პოლიტიკის თვალსაზრისით, კვლევების თანახმად, შრომის ბაზარზე ქალებისა და მამაკაცებისთვის თანაბარი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა ხელს უწყობს გრძელვადიან პერიოდში ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და სიღარიბის შემცირებას. ბოლო წლებში საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა გენდერული თანასწორობის კუთხით. ამ შედეგების შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია, თვალი ვადევნოთ პანდემიის გავლენას დასაქმებაზე გენდერული კუთხით,“-აღნიშნულია „აისეტის“ პუბლიკაციაში.

თაია არდოტელი