ვაკის რაიონში, ბედიას N4-ში დასასვენებელი სივრცე ეწყობა

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ნუცუბიძის პირველ მიკრო-რაიონში, ბედიას N4-ში დასასვენებელი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაო პროცესს ვაკის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი დავით კვინიკაძე გაეცნო. შემოღობილ ტერიტორიაზე, მოსახლეობასთან შეთანხმებით, განთავსდება საბავშვო ზონა ატრაქციონებით, დამონტაჟდება სკამები, სანაგვე ურნები. მათივე ცნობით, კეთილმოწყობილ სკვერში მოეწყობა დასასვენებელი პავილიონი, უკვე დამონტაჟდა განათების ბოძები, ასევე, დაირგო მცენარეები და მხატვრების მიერ მოიხატა კედლები.

„ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი კეთილმოწყობილი და გამწვანებული სივრცე შევქმნათ, ამიტომ აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით. ვცდილობთ სკვერები, რომლებითაც ისარგებლებენ ბავშვები და უფროსები, იყოს კომფორტული, ლამაზი და ხარისხიანი. ასევე, მოვუწოდებთ მოსახლეობასაც, რომ გაუფრთხილდნენ გარემოს და ინფრასტრუქტურას“, - განაცხადა დავით კვინიკაძემ.

თბილისის მერიის ცნობით, ბედიას N4-ში დასასვენებელი სივრცის პროექტის ღირებულება 150 000 ლარს შეადგენს.