რა პროფესიის არიან საქართველოს მინისტრები

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღე რჩება. აღსანიშნავია, რომ მმართველი პარტიის პირველ ოცეულში მინისტრთა კაბინეტის ორი წარმომადგენელი - გიორგი გახარია და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მოხვდნენ. ამასთან, „ქართული ოცნების“ პრემიერობის კანდიდატად კვლავ მოქმედი პრემიერი გიორგი გახარიაა დასახელებული.

არჩევნებამდე კი, „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ თუ რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა.

მთავრობის მეთაურმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 1992-1994 წლებში თსუ-ში ისტორიის ფაკულტეტი დამთავრა. 1994-2000 წლებში რუსეთში, ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე ისწავლა და პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი მიიღო. 2002-2004 წლებში კი იმავე უნივერსიტეტში ბიზნესის მართვის მაგისტრიც გახდა.

ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი პროფესიით ეკონომისტია. კერძოდ, დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტი. ამასთან, სწავლობდა პრაღის ეკონომიკის უმაღლეს სკოლაში - საერთაშორისო ვაჭრობის ფაკულტეტზე, რის შემდეგაც სწავლა თბილისში, კავკასიის ბიზნეს სკოლაში განაგრძო.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი - 1992-1997 წლებში სწავლობდა თსუ-ს საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. პარალელურად, სწავლობდა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებულ დიპლომატიის აკადემიაში. 2000 წელს თეა წულუკიანმა სახელმწიფო მართვის სკოლა დაამთავრა და დაიცვა მაგისტრის ხარისხი საჯარო ადმინისტრაციაში (MPA). 2005 წელს მიიღო უფროსი იურისტის საკლასო ჩინი.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა 2003 წელს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია დაამთავრა.

საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს - საერთაშორისო სამართლის სპეციალობით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული 1992 წელს.

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა - 1996 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კვალიფიკაციით - წარმოების ეკონომიკა და მართვა. 1997 წელს გაიარა „საერთაშორისო საბუღალტრო სტანდარტების" სპეციალური ინტენსიური კურსი. 2009 წელს წარმატებით დაასრულა სასწავლო პროგრამა ფინანსების სხვადასხვა სფეროში, ამასთან, გავლილი აქვს ტელეკომუნიკაციებთან დაკავშირებული არაერთი ტრენინგი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ 1990 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი ეკონომისტის სპეციალობით; 2014 წელს - გაერთიანებული სამეფოს კუმბრიის საგრაფო უნივერსიტეტი და მიენიჭა ბიზნესადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი; 2005-2006 წლებში გაიარა სწავლების სხვადასხვა კურსი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჰარვარდის უნივერსიტეტის ჯონ კენედის სახელობის სამთავრობო სკოლის ეგიდით.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა - დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში დაამთავრა პენსილვანიის უნივერსიტეტის დოქტორანტურა, სადაც მას მიენიჭა მათემატიკის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი - 1995-1999 წლებში თსუ-ში ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობდა. 1999 - 2001 წლებში იმავე უნივერსიტეტში საერთაშორისო ბიზნესის მართვის მაგისტრის ხარისხი მიიღო. 2002 - 2003 წლებში კი MIP მილანში ბიზნესის მართვის მაგისტრის ხარისხი აქვს მიღებული.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა - 1991-1996 წლებში აიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომი ეკონომიკის დარგში (საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალისტი). 2006-2007 წლებში მიიღო საერთაშორისო პოლიტიკის მაგისტრის წოდება, სტრატეგიული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERIS).

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 1993 - 1998 წლებში დაამთავრა სამედიცინო ინსტიტუტი ექიმის კვალიფიკაციით. 2005 წელს - მოიპოვა ზოგადი პროფილის სტომატოლოგის სახელმწიფო სერტიფიკატი. 2007 - 2008 წლებში გავლილი აქვს ყბა-სახის ინპლანტაციის სრული კურსი გერმანიაში. 2015 - 2016 წლებში - მიუნსტერის ჯანდაცვის აკადემიაში ჰოსპიტალურ სექტორში მართვის კომპეტენცია მოიპოვა. 2016 - 2019 წლებში კი - მენეჯმენტის და ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის წოდება მიიღო ავსტრიაში, ჯანდაცვის მენეჯმენტის, ჰოსპიტალური სექტორის ეკონომიკასა და მართვის მიმართულებით.

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა - 1999-2004 წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი (სპეციალობა- საერთაშორისო ურთიერთობები) დაამთავრა. 2002-2004 წწ. სწავლობდა - სორბონის უნივერსიტეტში, პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე (სპეციალობა- საერთაშორისო ურთიერთობები).

თაია არდოტელი